უმცირესობები

ახალი სკოლის მოლოდინში

by | Jul 30, 2014
Lambalo_0289_copy_Crop

ჯერჯერობით ახალი სკოლის შენობის მხოლოდ ფუნდამენტია ჩაყრილი. (DF Watch.)

შვიდი წელია, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ლამბალოს სკოლის მოსწავლეებს დამხმარე სათავსოებში, მათ შორის პირუტყვის სადგომსა და საცხობში უწევთ მეცადინეობა.

2006 წელს ექსპერთა ჯგუფმა სკოლა ამორტიზებულად გამოაცხადა და დახურა. 2012 წელს სკოლის დემონტაჟი მოხდა, თუმცა ახალი სკოლის მშენებლობა მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი დაპირებებისა წინა და ახალი მთავრობების მხრიდან, რომ ახალი სკოლა მალე აშენდებოდა.

ძველი სკოლის დახურვის შემდეგ კლასები დამხმარე სათავსოებში მოეწყო, სადაც რთული პირობებია. ამიტომაც მოსწავლეთა ნაწილმა არჩია, ამ სკოლაში არ ისწავლოს და ახალი სკოლის მშენებლობას დაელოდოს.

Lambalo_0292_copy_Crop

დროებით კლასებად დამხმარე სათავსოები, მათ შორის პირუტყვის სადგომებია გამოყენებული (DF Watch.)

ამჟამად ასეთ პირობებში მოწყობილ კლასებში ათასამდე ბავშვი სწავლობს. სკოლებში არის ქართული და აზერბაიჯანული სექტორები. განათლების სამინისტროს უკანასკნელი, 2013 წლის, მონაცემებით, ქართულ სექტორზე მხოლოდ 80 ბავშვი სწავლობს, დანარჩენი 935 კი აზერბაჯანულზე.

DF Watch ერთ-ერთ ასეთ სკოლას ეწვია, სადაც 400-მდე ბავშვი ორ ცვლად სწავლობს.

maxum_left_babek_right_Crop

Photo: მაქსუმი (მარცხნივ) და ბაბეკი (DF Watch.)

ნარხანუმი, ქალბატონი, რომელიც ამ შენობის მფლობელია, გვეუბნება, რომ მას უკვე შვიდი წელია აქირავებს. ახლა ზაფხულია. სწავლა არ არის. ნარხანუმს კლასებში მატყლი აქვს გაფენილი გასაშრობად. მან ოთახები დაგვათვალიერებინა.

ეზოში ერთი სახლია, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, და პირუტყვისთვის ორი სადგომი, რომელიც ორ ცვლად 400 ბავშვს ვიწრო კედლებში იტევს.

ნარხანუმის თქმით, ბავშვებს კიდევ ერთი წელი მოუხდებათ აქ სიარული, რადგანაც ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წლამდე არ დასრულდება.

მუშებმა, რომლებიც სკოლას აშენებენ, გვითხრეს, რომ მშენებლობა ოფიციალურად 2014 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა ცუდი ამინდების გამო ინტენსიური სამუშაოები მარტიდან განახლდა. ჯერჯერობით მხოლოდ ფუნდამენტია ჩაყრილი.

მუშების თქმით, აქ 1000 მოსწავლისთვის განკუთვნილი სამსართულიანი შენობა იქნება. განათლების სამინისტრომ მშენებლობა თურქულ კომპანიას დაუკვეთა, რომელიც ქართველ მუშებს ასაქმებს. მათ შენობა 2015 წლის სექტემბრამდე უნდა ჩააბარონ, ახალი სასწავლო წლისთვის. ახალი სკოლა იმავე ადგილას შენდება, სადაც ძველი სკოლა იდგა.

16 წლის ბაბეკი მეთერთმეტე კლასშია. მან კარგად არ იცის ქართული და თავისუფლად ვერ გველაპარაკება, თუმცა ამბობს, რომ სწავლის ხარისხით კმაყოფილია. ის ნარხანუმის ეზოში დადის სასწავლებლად.

მისი თქმით, ზამთარში ხანდახან კლასში ძალიან ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ხის ღუმელი დგას. ხანდახან ჭერიდან წყალი წვეთავს, ოთახი კი ძალიან პატარაა, თუმცა მაინც მოსწონს სკოლაში სიარული და არ ნანობს, რომ დადის. ჯერჯერობით არ იცის, სკოლის მერე სწავლასსად გააგრძელებს. ამას მეთორმეტე კლასში გადაწყვეტს.

14 წლის მაქსუმს კი ადვოკატობა სურს. ის მეცხრე კლასშია, სადაც 25 ბავშვი სწავლობს.
ჰაზი, მაქსუმის თანატოლი და მეგობარი, სკოლაში საერთოდ არ დადის, რადგანაც უკვე ერთი წელია ახალი სკოლის მშენებლობას ელოდება.

2013 წლის მაისში გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო, ლამბალოს სკოლას ეწვია და ბავშვებს დაჰპირდა, რომ ისინი ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებოდნენ, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა.

იმავე წლის აპრილში სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ ზომები მიეღოთ ლამბალოში აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პირობების გასაუმჯობესებლად.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მთავრობა ბავშვთა უფლებების კონვენციას არღვევს, ისევე როგორც ზოგადი განათლების შესახებ კანონს.

ლამბალოს სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის თქმით, აქ 1000-მდე ბავშვი სწავლობს, მათ შორის მეზობელი სოფლებიდან. დამხმარე შენობები, მათ შორის ბაგა-ბოსლები და საცხობები განათლების სამინისტრომ დროებითი კლასების მოსაწყობად იქირავა.

სახალხო დამცველის მოხსენებაში წერია, რომ, როდესაც მისი ოფისის წარმომადგენლები სკოლას ეწვივნენ, სკოლის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით საკლასო ოთახებში იგრძნობოდა მკვეთრი სუნი, ვინაიდან ტერიტორიაც და შენობებიც წლების განმავლობაში საქონლის სადგომისათვის იყო განკუთვნილი.

აქ წვიმის და უშუქობის დროს სწავლა წყდება. იატაკი ბეტონისაა, კელდები დაბზარულია, ოთახები კი ერთმანეთისგან არ არის კარგად იზოლირებული. თითქმის შეუძლებელია ოთახების გათბობა ზამთარში, ეზოში კი ონკანი არ არის, ამიტომაც სასმელი წყალი ბავშვებს სახლიდან მოაქვთ.

სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ ყოფილი მთავრობის განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, დაპირებას იხსენებს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 2012-ში ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყებოდა, არადა მაშინ მშენებლობა დაწყებული საერთოდ არ იყო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2017
M T W T F S S
« Jul    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930