ამბები

    ახალგორში სწავლა 5 სექტემბერს ქართული ბაღის გაუქმებით და სკოლების სანახევროდ გარუსულებით იწყება

    by | Sep 4, 2018

    საბავშვო ბაღი ახალგორში (cominf.org).

    ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და ბაღებში სწავლა წინა წლებისგან განსხვავებით 1-ლი სექტემბრის ნაცვლად 5 სექტემბერს იწყება და ქართველი ბავშვებისთვის ამ დღეს კიდევ უფრო დამძიმებული ყოფა და ახალი პრობლემები მოაქვს. 

    ახალგორის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქართველია, წელს ქართული ბაღი საერთოდ აღარ იარსებებს. ის მაისში გაუქმდა და სექტებრიდან მას ახლადგარემონტებული რუსული ბაღი ჩაანაცვლებს, სადაც ძველი ქართველი თანამშრომლები, მათ შორის მზარეულები და დარაჯებიც კი ოსურ ენის სრულყოფილად არცოდნის გამო გაათავისუფლეს. მათ ნაცვლად კი ეთნიჯურად ოსები მოიყვანეს.

    ასევე სანახევრად რუსულად გადაკეთდა ახალგორის რაიონში დარჩენილი 6-ვე ქართული სკოლა, სადაც პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლა ქართულ ენაზე აკრძალულია. პირველ კლასში შესულ ქართველ ბავშვებს, რომლებმაც ერთი სიტყვა რუსულიც არ იციან, რუსულენოვანი სახელმძღვანელოები დაურიგდებათ და სწავლასაც რუსულად დაიწყებენ. ქართული ენა მე-5 კლასის ჩათვლით მხოლოდ და მხოლოდ ერთ რიგით საგნად დარჩება.

    ქართულად სწავლა მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით ჯერ ისევ დაშვებულია, ოღონდ აკრძალულია გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით. როგორ დე ფაქტო განათლების სამინისტროში აცხადებენ, ისტორიისა და გეოგრაფიის ქართული წიგნები “ტენდენციური” იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სასკოლო პროცესიდან გააძევეს.

    პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით რუსულენოვან სწავლებაზე გადაყვანა გასული წლის სექტემბერში ერთბაშად მოხდა. როგორც დე ფაქტო განათლების სამინისტროში განაცხადეს, ახალგორის სკოლებში სწავლება „რესპუბლიკის“ განათლების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მომხდარიყო, ანუ ოსურ და რუსულ ენებზე და თავდაპირველად ეს ერთბაშად შეეხო დაწყებით კლასებს. წლიდან წლამდე კი რუსული კლასების რაოდენობა გაიზრდება და ცხინვალის რეჟიმის გეგმით 5 წელიწადში ყველა ქართული სკოლა საბოლოოდ მთლიანად რუსულად გადაკეთდება.

    სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ დაუზუსტებელია, ქართულ სკოლებში რამდენი პირველკლასელი იქნება.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სკოლების დაწყებითი კლასები რუსულად გადაკეთდა და ბავშვებს რუსულად უწევთ სწავლა, ქართველ მშობლებს შვილები მაინც ამ დარჩენილ ქართულ სკოლებში შეჰყავთ და არა რუსულ სკოლებში.

    „გასაოცარია, მაგრამ ტენდენცია კლებისკენ არ არის. მაგალითად ახალგორის ნახევრად ქართულენოვან სკოლაში წელს 6 პირველკლასელს ელოდებიან“, – ამბობს ცოტნიაშვილი: – „ახალგორში ასევე არის სუფთა რუსულენოვანი სკოლაც. წელს ახალი შენობა აუშენეს. მიუხედავად იმისა, რომ სანახევროდ ქართულ სკოლებში დაწყებითი კლასები რუსულენოვანია, ქართველებს შვილები მაინც ამ ქართულ სკოლაში შეჰყავთ და არა რუსულენოვან სკოლაში. გადამწყვეტ როლს ის თამაშობს, რომ პედაგოგები ქართველები არიან და შინაურულად გრძნობენ თავს“.

    2018 წელს ცხინვალის რეგიონში სასწავლო წელი რუსული გრაფიკით 1 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სწავლა 5 სექტემბერს დაიწყოს ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამო, სადაც 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ტერაქტის შედეგად 1-ელ სკოლაში 334 ადამიანი დაიღუპა, მათგან 186 ბავშვი.

    ცხინვალის რეჟიმის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს „რესპუბლიკის“ სკოლების პირველ კლასებში ჯამში 805 მოსწავლე მიდის და ეს „სანიმუშო დინამიკაა“, რადგან გასულ 2017 წელს ეს რიცხვი 50-ით ნაკლები მიიღეს.

     



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    September 2018
    M T W T F S S
    « Aug    
     12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930