ამბები

ახალგორელებს შეიძლება “ოსეთის მოქალაქეობა” ჩამოართვან

by | Mar 22, 2018

ცხინვალის რეჟიმის სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელმაც „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის” მინიჭებასთან ერთად, „სხვა ქვეყნის” მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხები უნდა განიხილოს და ეს უპირველესად სწორედ ახალგორში მცხოვრებ ქართველებს შეეხებათ, რადგან თითქმის ყველა მათგანს ერთდროულად ოსური პასპორტიც აქვს და ქართულიც.

ცხინვალში არ არსებობს კანონი, რომელიც მეორე მოქალაქეობას კრძალავს, თუმცა არსებობს ოსური ე.წ. მოქალაქეობის მიღების პროცედურა: მისი მსურველი განაცხადის წარდგენისას ვალდებულია, ცხინვალის რეჟიმის ჩინოვნიკებს ჩააბაროს ქართული პასპორტი და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მას დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემული პასპორტი. ახალგორელები „ტექნიკურად” ამას ადვილად აგვარებდნენ იმით, რომ ქართული პასპორტის დაკარგვაზე აკეთებდნენ განაცხადს და მეორე პასპორტს იღებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობაში” ცვლიდნენ.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს რეგულაცია ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობის შევიწროებას ისახავს მიზნად.

„ცხინვალის რეგიონში ახალგორი ერთადერთი რაიონია, სადაც ქართული  მოსახლეობა ცხოვრობს და ალბათ, უნდათ ნელ-ნელა დაიცალოს ხალხი,“ – ამბობს თინიკაშვილი.

P.S. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სიახლეს ემსხვერპლა, ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აღმოჩნდა. მის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურამ “ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე” სს საქმე აღძრა. აქტივისტს ედავებიან იმაში, რომ მას ორი, ცხინვალისა და საქართველოს, პასპორტი აქვს. თავად მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება. მისი თქმით, არც არასდროს მალავდა ქართული პასპორტის ფლობის ფაქტს, ისევე როგორც რაიონის ასობით მკვიდრი, როგორც ეთნიკური ქართველი, ასევე ოსი, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური პირები და მათი ახლობლები, თუმცა პროკურატურა შერჩევით მხოლოდ მას სდევნის. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში ის მცირე ხნით დააკავეს კიდეც მმართველი “ერთიანი ოსეთის” პარტიის წევრზე “ცილისწამების” მოტივით და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031