ამბები

ახალგაზრდა მწერალი აფხაზეთში მოგზაურობაზე ფოტოილუსტრირებულ წიგნს ამზადებს

by | Apr 25, 2018

(Facebook.)

მწერალი ვაჩე რაინდელი თანამედროვე აფხაზეთის ცხოვრებაზე ფოტოილუსტრირებული წიგნის გამოცემას გეგმავს. როგორც მან DFWatch-ს უთხრა, აფხაზეთში ორჯერ იმოგზაურა და თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი გადაიღო.

„ძალიან ბევრი კულტურული ძეგლის გადაღება მოვახერხე. დავიწყე გალის რაიონიდან, ილორში ვიყავი, ცხირში, ბედიაში, ჭუბურხინჯში, გადავიღე დამწვარი სახლები, ვიყავი წარჩეში, ოჩამჩირეში, ახალ ათონში, გუდაუთაში, სოხუმში, არ მინდა რამე გამომრჩეს, ძალიან ბევრგან მოვახერხე მისვლა. სამი კვირა დამჭირდა, თუმცა არ მეყო, რომ სრულად აღმებეჭდა. იქ მოხვედრა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ და მორალურ სტრესთან იყო დაკავშირებული. გადავიპარე. გალის რაიონში ბევრი მაფრთხილებდა, დაგიჭერენო, მაგრამ არ დავბრუნდი. ეს იქნება აფხაზეთის ფოტომასალით ილუსტრურებული წიგნი, შესაბამისი მეცნიერული ნაშრომებით, მუშაობენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა. იქნება ფაქტობრივად ყველაფერი, რაც აფხაზეთის რეალობას ასახავს. გამოცემაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მეხმარება და ვფიქრობ, მიმდინარე წელს მოესწრება“, – ამბობს ვაჩე.

გარდა ამისა, მწერალი, ცალკე ბროშურის სახით, აფხაზეთში მოგზაურობის ჩანაწერების გამოცემასაც გეგმავს.

„ვწერ იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაურე, ასევე რიგითი ადგილობრივების მონაყოლსა და ისტორიებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება და მალე ამასაც გამოვცემ“, – აღნიშნა მან.

თავად ვაჩე საგურამოში დაიბადა. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აფხაზეთის გადაღება კი იმან გადააწყვეტინა, რომ ვერ ეგუება აფხაზეთის დაკარგვას.

„ბევრს ვმოგზაურობ, მთელი საქართველო მაქვს მოვლილი და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ჩვენი ისტორიული ძეგლები მაქვს გადაღებული. სანამ აფხაზეთზე შევჩერდებოდი, ზოგადად ჩემი მოგზაურობის ამსახველი წიგნის გამოცემა მინდოდა ჩემი ლექსების დართვით, თუმცა ეს ჩანაფიქრი არ გამოვიდა“, – დასძინა მან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031