უმცირესობები

აქტივისტები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებას ითხოვენ

by | Mar 9, 2015
'მეტი ქალი პარლამენტში' (DF Watch)

‘მეტი ქალი პარლამენტში’ (DF Watch)

თბილისი, DFWatch – ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – 53 პროცენტს – შეადგენენ, თუმცა პოლიტიკაში ძალიან მცირედ არიან წარმოდგენილი, აცხადებენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები.

8 მარტს ამ ორგანიზაციამ თბილისსა და საქართველოს 24 სხვა ქალაქსა და დაბაში პოლიტიკაში ქალების როლის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

კვოტირების სისტემა

დედაქალაქში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რუსთაველის გამზირზე კვოტირების სისტემის შემოღების მოთხოვნით მანიფესტაცია ჩაატარა.

ქალთა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ DFWatch-ს უთხრა, რომ ისინი პარტიულ სიებში კვოტების შემოღებისთვის იბრძვიან. იდეა არის ის, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანების პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე კანდიდატი ქალი იყოს, რაც 150-წევრიან პარლამენტში, სულ მცირე, 38 ქალი პარლამენტარის მოხვედრას უზრუნველყოფს, რაც 25 პროცენტს შეადგენს.

ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 17 ქალი დეპუტატია. ქვემოთ დიაგრამა გვიჩვენებს ქალი დეპუტატების პროცენტულ წილს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში, 1991 წლიდან მოყოლებული, რომელიც ეფუძნება UNDP-ის მიერ  2013 წელს ჩატარებულ კვლევას გენდერული თანასწორობისა და აღქმის შესახებ.

 ქალი დეპუტატები საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

ქალი დეპუტატები საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში

ქალები ქართულ პოლიტიკაში

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წელთან შედარებით პარლამენტში ახლა მეტი ქალია, ისინი მაინც მხოლოდ 11 პროცენტს შეადგენენ, რაც ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში  ქალთა პროცენტული მაჩვენებლის მხრივ, საქართველოს 190 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზე აყენებს.

17 ქალი პარლამენტარიდან 12 მმართველი კოალიციის წევრია, 5 კი ოპოზიციის. პარლამენტის 15 კომიტეტიდან  ქალი მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს, ხუთში კი თავმჯდომარის მოადგილეა. გარდა ამისა, 20 მინისტრიდან ქალი მხოლოდ სამია.

ქალთა მოძრაობაში ამბობენ, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებშიც ქალების პროპორცია მხოლოდ 11 პროცენტია,  და ეს რიცხვი არ შეცვლილა ათწლეულების განმავლობაში. თელავის, მცხეთის, წალკის, ასპინძისა და ფოთის საკრებულოში არცერთი ქალიც  არ არის. საქართველოს 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთის გამგებელია ქალი. ამასთანავე არც ერთი მერი და გუბერნატორი ქალი არ არის.

ტრადიციული გენდერული როლები

მიუხედავად ფემინისტური აქტივიზმის მზარდი ხილვადობა, საქართველოში პოლიტიკა კვლავ ძირითადად მამაკაცის საქმედ აღიქმება, სადაც ქალის ადგილი თითქმის არ არის. ეს აღქმა UNDP-ის (გაეროს განვითარების ფონდი) ზემოთნახსენებ კვლევაშიც არის ასახული. ეს იმითაა განპირობებული, რომ საქართველოში ქალი მამაკაცზე უფრო სუსტ და ემოციურ არსებად მიიჩნევა, პოლიტიკოსი კი მტკიცე უნდა იყოს.

ამას გარდა, საქართველოში ჯერ კიდევ მტკიცედაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქალი იმდენად არის დაკავებული ოჯახის საშინაო საქმეებით, რომ პოლიტიკური აქტივობა მისთვის რთული იქნება. ამიტომ, თუ ქალმა პოლიტიკური კარიერა აირჩია, მეუღლისა და საკუთარი სოციალური წრის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

UNDP-ის კვლევა ასკვნის, რომ ყველაფერი ეს გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა განპირობებული, სადაც ქალი ოჯახის ჯერას არის მიჯაჭვული, კაცი კი უფრო კარიერასა და ოჯახის მარეტიალურ უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მიუხედავად ამისა, თუ ქალმა მაინც გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, ის უფრო ისეთ  სფეროებში მოიაზრება, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, გარემოს დაცვა, კონფლიქტების მოგვარება, სოციალური პრობლემები, ქალთა უფლებების სფერო ან დიპლომატიური მისია. ამავე დროს, ითვლება, რომ მამაკაცს პოლიტიკის ყველა სფეროში შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.

სოციალური ცვლილებები?

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში NDI-სა და CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი უფრო პოზიტიურ სურათს ხატავს. გამოკითხულთა 64 პროცენტმა აღიარა, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არის, ნახევარზე მეტმა კი (55 პროცენტი) განაცხადა, რომ პარლამენტში მხოლოდ 17 ქალი ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების ხვედრითი წილი მინიმუმ 30 პროცენტი მაინც უნდა იყოს, და თითქმის იმდენივე (68 პროცენტი) ამბობს, რომ მზად არის გენდერული კვოტების შემოღებას მხარი დაუჭიროს.

ბაია პატარაიამ აქციის შემდეგ DFWatch-ს განუცხადა, რომ ეს შედეგი სოციალური ცვლილების ნიშანია და რომ ხალხი გენდერული კვოტების და პოლიტიკაში ქალის როლის გაზრდისთვის  უკვე მზად არის.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031