ამბები

აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ჩამოვიდნენ, რამაც სოხუმში დიდი სკანდალი გამოიწვია

by | Apr 18, 2018

(Mkurnali.ge)

აფხაზი მედიკოსების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ტრენინგზე იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს სწავლობდნენ და ამ ფაქტის გახმაურებამ სოხუმში დიდი სკანდალი და აღშფოთებული განცხადებები გამოიწვია.

სოხუმიდან ტრენინგის ორგანიზატორი იყო ზურაბ ლაკერბაია, აფხაზური ორგანიზაცია „ალაშას“ დამფუძნებელი და სოხუმის რეჟიმის წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. მან აფხაზურ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა, რომ თბილისში გამართული ტრენინგი ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს ორგანიზაცია მზადაა, რომ აფხაზეთს სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანა აჩუქოს, მაგრამ მანამდე საჭირო იყო, ექიმებს მისი სწორად გამოყენება ესწავლათ, რის გამოც გადაწყდა თბილისში ტრენინგი. მისი თქმით, რეანომობილი ჯერჯერობით ისევ თბილისში, „სპეციალიზებულ ცენტრში” იმყოფება.

„აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ასეთ აღჭურვილობაზე მუშაობას შეძლებდნენ. სამწუხაროდ ჰოლანდიელებმა წამოაყენეს პირობა, რომ ჩვენი ექიმები გაცნობოდნენ ამ მანქანაზე მუშაობას. მანქანა საქართველოში ჩაიყვანეს, სპეციალიზებულ ცენტრში, სადაც არიან სპეციალისტები. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს საქართველოში ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმი გადიოდა მკურნალობას, მე მოვიწვიე ექთნები და მძღოლიც ამ სპეციალიზებულ ცენტრში. თანამედროვე სასწრაფო დახმარების აღჭურვილობის გაცნობის შემდეგ, ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ”, – აცხადებს ლაკერბაია.

მისი თქმით, ვინც ამ ტრენინგის გამო სკანდალს აგორებს, ყველაფერს აკეთებს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს: „მსგავსი მოქმედება მოიტანს მხოლოდ ერთს – აფხაზეთი ვერ მიიღებს რეანომობილს, რომლის მწვავე უკმარისობასაც განიცდის” და რომლის არქონის გამო ბოლო წლებში „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ბევრი შემთხვევა იყო, როცა მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისას სიტუაცია გართულდა.

„ჩვენ არ გვაქვს ისეთი აპარატურა, როგორიც ამ მანქანაშია. მისი ღირებულება აპარატურასთან ერთად 50 ათას ევროს აღემატება“, – დასძენს ის.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრენინგი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩატარდა, ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებული იყო, თუმცა უშუალო მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ მიუღია აფხაზეთში შესაძლო სკანდალის გამო.

თუმცა სოხუმში ინფორმაცია ცნობილი მაინც გახდა და „ფეისბუქით“ სკანდალიც ატყდა, რის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულ ფაქტს გაემიჯნა და თქვა, რომ აღნიშნულ კერძო ვიზიტთან კავშირი არ აქვთ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის სწავლების მიზნით 2017 წლის დეკემბერში ხელშეკრულება დადო რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან”, რომელიც  სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.  სხვა ტრენინგებთან დაკავშირებით აფხაზეთს მოთხოვნა არ წამოუყენებია, მით უფრო, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მტრულ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031