ამბები

აფხაზეთში ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის სიკვდილით დასჯა შემოაქვთ

by | Jul 28, 2018

ნარკოტიკების დიდი პარტიის განადგურება დე ფაქტო შს სამინისტროს მიერ. 2017 წლის 5 ივლისი. (apsnylife.ru)

სოხუმის რეჟიმი ნარკოტიკების გამსაღებლებისა და მომხარებლებისთვის კანონს ამკაცრებს.  დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. კანონი ასევე უზრუნველყოფს ბრალდებული პირების ქონების კონფისკაციას.

ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე აფხაზეთში 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

სანქციების გამკაცრება ასევე შეეხებათ პირებს, ვინც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს და წარსულში ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა დაკისრებული. ჯარიმა მათთვის, არ მეტი არც ნაკლები, 600 000 რუბლი (23 800 ლარი) იქნება და პლუს, ჩამოართმევენ მართვის მოწმობას. ასევე 1 წლის ვადით შეეზღუდებათ თანამდებობის დაკავება.

სისხლის სამართლის კოდექსის შესწორების თანახმად, იკრძალება ასევე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული პირის პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლება.

ე.წ. დეპუტატი ვალერი აგრბა იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება შეაჩერებს აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პროცესს. ნარკოტიკების გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის ეფექტურობის მაგალითებად აგრბას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გამოცდილება მოაქვს. იგი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს ნარკოტიკების არალეგალური მიმოქცევის პრობლემა.

აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შოვნა მარტივია და თან, იაფიც, ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა, ამიტომაც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი.

უკვე წლებია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას ნარკომანია „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ აქვს გამოცხადებული და სოხუმში ძალიან ხშირია ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე კონფერენციები. კეთდება განცხადებები, რომ აფხაზი ერი ნადგურდება.

გასული წლის ოქტომბერში სოხუმში დიდი აქციაც მოეწყო, სადაც აქციის წევრები აცხადებდნენ, რომ  ბოლო წლებია ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის რეჟიმს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. დე ფაქტო პარლამენტს გაუგზავნეს მოთხოვნა, სადაც ნარკორეალიზატორებზე სასჯელის გამკაცრება, მომხმარებელთა მიმართ კი შემსუბუქება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების პრეტენზია იყო, რომ აფხაზური მილიცია რეალურად არ ებრძვის ნარკომოვაჭრეებს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია, ამიტომ ისინი ამ სტრუქტურაში დიდი წმენდის ჩატარებას მოითხოვდნენ.

გასულ წელს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების საკითხი დააყენა დე ფაქტო დეპუტატების ნაწილმაც. მათთვის მიუღებელი იყო, როდესაც ნარკომოვაჭრეებს ხშირად 5-წლიან, იშვიათ შემთხვევებში კი 15-წლიან პატიმრობას უფარდებენ და სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის სტატისტიკით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, ყოველწლიურად 200 ადამიანით, მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან და მათ შორის არასრულწლოვანებიც, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია.

სოხუმის მთავარი ნარკოლოგის ირმა ანუას თქმით, აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა აფხაზეთში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან სინამდვილეში, რეგიონში გაცილებით მეტი ნარკოდამოკიდებულია.

მისი თქმით, მაგალითად 2016 წელს რეგისტრირებული იყო 949 ნარკოდამოკიდებული, 2017 წელს კი ნარკომომხმარებელთა 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აფხაზი ნარკოლოგის თქმით, ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031