(abkhazinform.com)

26 ოქტომბერს სოხუმში, სერგეი ბაღაფშის მოედანზე ჩატარდა აქცია „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე”. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბოლო წლებია ნარკომანიამ აფხაზეთში საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება ნარკოდამოკიდებული. ისინი სოხუმის მთავრობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რომ „მომავალი თაობა დაღუპვისაგან როგორმე გადაარჩინონ“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, ომის ვეტერანებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებმა. ასევე სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „არა ნარკოტიკებს“, „ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგი ვართ“, „აფხაზეთი ნარკოტიკების გარეშე“.

აქციაზე მისულმა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც აღიარა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ამას ერთობლივად უნდა შეებრძოლონ.

აქცია „სოციალურ – ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა გუმბა ამბობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო და იმისათვის, რომ მომავალი თაობა შეინარჩუნონ, „ძალიან ბევრი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ“.

ცენტრი ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ მთავრობა არ ებრძვის ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ კრიმინალურ ბიზნესს და ნარკოტიკების ყიდვა ძალიან იოლია.

„განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ნარკოტიკების მოხმარება არასრულწლოვანთა შორის,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის  დე ფაქტო პარლამენტს გაეგზავნა და სადაც ნარკორეალიზატორებზე  სასჯელის გამკაცრება, მომხმარებელთა მიმართ კი შემსუბუქება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების პრეტენზიაა, რომ აფხაზური მილიცია რეალურად არ ებრძვის ნარკომოვაჭრეებს და ამ სტრუქტურაში დიდი წმენდაა ჩასატარებელი.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ კანონის გამკარცება ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა დე ფაქტო დეპუტატების ნაწილმაც. მათთვის მიუღებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეებს ხშირად 5-წლიან, იშვიათ შემთხვევებში კი 15-წლიან პატიმრობას უფარდებენ და სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს.

აფხაზეთში ნარკოტიკული ნივთიერებების შოვნა მარტივია და თან, იაფიც, ეს სფერო საერთოდ უკონტროლოა, ამიტომაც უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის ხდება ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, ნარკომომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება – დე ფაქტო რესპუბლიკის ნარკოლოგიური ცენტრის სტატისტიკით, ყოველწლიურად 200 ადამიანით. ასევე ძალიან ხშირია გადაჭარბებული დოზის მიღების გამო ნარკოლოგიურ ცენტრში მიმართვიანობა, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რეგისტრაციაც, თუმცა, ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, რეალურად ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი ბევრად მეტია.

„2016 წელს რეგისტრირებულია 2 440 ადამიანი, მათ შორის ნარკოდამოკიდებულია 949, ალკოჰოლდამოკიდებული კი 1 491,“ – აცხადებს მთავარი ნარკოლოგი ირმა ანუა.

ანუას თქმით, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება მომატებულია არასრულწლოვანებში. 2016 წელს  12-დან 18 წლამდე ასაკის მქონ 32-მა არასრულწლოვანმა გაიარა ნარკოლოგიური მკურნალობა კლინიკაში.