ამბები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შვეიცარიელი მონიტორების დაშვებას რუსეთმაც მწვანე შუქი აუნთო

by | May 21, 2018

7-წლიანი დაგვიანებით რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რაც 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. 

საბაჟო მონიტორინგის ხელშეკრულება 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ დაიდო.  ამ ხელშეკრულებით სავაჭრო დერეფნები უნდა შეიქმნას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, რომელსაც ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს და ამ დერეფნებში ტვირთების მონიტორინგი მესამე მხარემ – შვეიცარიულმა კომპანიამ – უნდა განახორციელოს.

საქართველომ SGS-თან კონტრაქტი 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში გააფორმა. რუსეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე მუდმივად უარს აცხადებდა. საბოლოოდ, 18 მაისს მოსკოვმაც ხელი მოაწერა და ამაზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ცნობისათვის, 2011 წლის ხელშეკრულებაში საუბარია სამი დერეფნის ამოქმედებაზე. ერთი იწყება სოჭთან, გაივლის ოკუპირებულ აფხაზეთს და ზუგდიდთან სრულდება; მეორე დერეფანი იწყება ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში ბოლოვდება. მესამე დერეფანი კი ყაზბეგში, ზემო ლარსთან იქნება. ხელშეკრულების მიხედვით, მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღრიცხვის უფლება ექნებათ და თბილისს ექნება ინფორმაცია, რა სახის და რა რაოდენობის ტვირთი მოძრაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს.

ჯერ ისევ უცნობია მთავარი – როდის დაიწყებენ შვეიცარიელი მონიტორები საქმიანობას და კონკრეტულად დერეფნის რომელ მონაკვეთებში დადგებიან ისინი. ეს საკითხი იქნება განხილვის საგანი 24 მაისს პრაღაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს ხვდებიან.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

June 2018
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930