Photo: ლევან ბერიანიძე (მარჯვნიდან), თამთა მიქელაძე, ანა ლობჟანიძე

Photo: ლევან ბერიანიძე (მარჯვნიდან), თამთა მიქელაძე, ანა ლობჟანიძე

საქართველოში უყვართ ტოლერანტობაზე, როგორც ეროვნული ცნობიერების ნაწილზე საუბარი, თუმცა უნარი იმისა, რომ მიიღონ და იცხოვრონ მათგან განსხავებულ ადამიანებთან ერთად მთავრდება იქ, სადაც გეი, ლესბოსელი და სხვა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ქართველთა მხოლოდ 16 პროცენტი ფიქრობს, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები დაცული უნდა იყოს.

DF Watch ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგნელ ლევან ბერიანიძეს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელ თამთა მიქელაძესა და სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ანა ლობჟანიძეს საქართველოში ჰომოფობიასა და ლგბტ თემის დისკრიმინაციის შესახებ ესაუბრა. 

ყოველდღიური ძალადობა

 

ლევან ბერიანიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა, რაც ნათლად გამოჩნდა 2013 წლის 17 მაისს. ის ამბობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას და დისკრიმინაციას ოჯახში, სამუშაოზე, საჯარო დაწესებულებებში და სხვაგან. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობის სიხშირე შედარებით დაბალია, რადგანაც „ეს ადამიანები არ ჩანან.“

ალბათ,ფიზიკური ძალადობის  ყველაზე მასშტაბური აქტი ლგბტ თემისა და მათი უფლება-დამცველების მიმართ მოხდა მაშინ, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგემილი აქციის დღეს მათ განრისხებული ადამიანების ჯგუფმა შეუტია, რომელთა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ. ამ დღეს იყვნენ დაშავებულებიც. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, თუმცა ძალადობისთვის არავინ დასჯილა.

კანონმდებლობა

 

გასულ რამდენიმე წელიწადში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა – კერძოდ, რამდენიმე კანონში ანტიდისკრიმინაციული შესწორებები შეიტანა, სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კონცეფცია დაამკვიდრა და 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

როგორც ლობჟანიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე ლგბტ თემი დაცულია, რეალობაში სულ სხვა რამ ხდება.

2014 წელს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში 153 საჩივარი  შევიდა, მათ შორის 22 განცხადების ავტორი ტრანსგენდერი ადამიანები იყვნენ.

„ტრანსგენდერი სექს-მუშაკები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. ისინი აწყდებიან ადამიანთა უფლებების დარღვევას პოლიციის მხრიდანაც კი,“ გვეუბნება ლობჟანიძე.

თამთა მიქელაძე კი ამბობს, რომ ლგბტ თემი დისკრიმინაციის ერთადერთი მსხვერპლი არაა.

„ქალები, უცხოელები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა ჯგუფები ასევე აწყდებიან ზეწოლასა და დისკრიმინაციას,“ ამბობს მიქელაძე და ამატებს, რომ ქართული ტოლერანტობა მითია.

სახალხო დამცველის შეზღუდული ძალაუფლება

 

ჩვენი სამივე რესპონდენტი თანხმდება, რომ 2014 ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პოზიტიური ნაბიჯი იყო. თუმცა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღების მიზეზი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების პროცესში ბრიუსელის მოთხოვნა იყო.

„რომ არა ეს მოთხოვნა, შეიძლება, ეს კანონი საერთოდაც არ ყოფილიყო,“ თქვა თამთა მიქელაძემ.

ბერიანიძის განცხადებით, ამ კანონის აღსრულების მხრივ სიტუაცია გაცილებით მძიმეა, რადგან  მთავარი მეთვალყურის, სახალხო დამცველის უფლებები და რესურსები ძალიან შეზღუდულია.

ბერიანიძეს მოჰყავს მაგალითი, როცა რამდენიმე კვირის წინ ლესბოსელ წყვილს უარი უთხრეს „მაკდონალდსში“ მომსახურებაზე.

„იდენტობამ“ ისინი სახალხო დამცველის ოფისში გადაამისამართა, რომელმაც „მაკდონალდსს“ მიმართა და იმ დღის ვიდეოჩანაწერი მოთხოვა, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, რაზეც სახალხო დამცველმა უარი მიიღო. არადა, ჩანაწერი ლეგალურად მოთხოვნის ძალაუფლება მას არა აქვს.

კანონის მიხედვით, სახალხო დამცველს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია, როგორც მედიატორს კონფლიქტის მხარეებს შორის, და არ შეუძლია, რომ დამნაშავე თუნდაც დააჯარიმოს.