georgian soldiers afghanistan isafჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ძალაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივით გაუქმებული სამხედრო სავალდებულო გაწვევა. მოქმედი მინისტრ აცხადებს, რომ ეს ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ოქტომბერში დავიწყებდით დისკუსიას იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მომზადებული გვაქვს,” – განაცხადა მინისტრმა, ლევან იზორიამ. „მომავალ კვირას უკვე დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა. შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადენლებთან. ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ 100 დღის მუშაობის ანგარიშს, ასევე მომავალი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ გეგმებს, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე.“

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი 27 ივნისს, საჯაროდ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოაწერა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე „რესპუბლიკური” პარტიის სახელით საარჩევნო კამპანიაში ჩაერთებოდა.

თქვა, რომ ამიერიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებთან მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც ჯარში აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა. ხოლო დანარჩენ 75%-ზე, რომელსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, ცვლილება არ გავრცელდება.

ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისგან კრიტიკის საგანი გახდა. ყველაზე მწვავე განცხადებები დეპუტატებმა გააკეთეს, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, რომელმაც ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება ვიწროპოლიტიკურ პიარად შეაფასა. თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტი არაა, იქნება ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო გაწვევა თუ არა.

ხიდაშელის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პრემიერისა და პრეზიდენტისთვისაც.

პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ეს საკითხი მთავრობის დასტურს საჭიროებს და, ასევე, უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტმაც.

„(მიუხედავად იმისა) ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, ის არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.