MIA_sharkე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით  გერლიანი მეტსახელად „სვანი“, რომელიც 18 ივნისს ოდესიდან გამოაძევეს და რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა და აეროპორტი ისე დატოვა, რომ არ დაუკავებიათ,  22 ივნისს, ოთხშაბათს,  საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ამის შესახებ, ოთხშაბათს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე  მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“  შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან  შესაძლო დეპორტაციის შესახებ.

„მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა  იყო მოსალოდნელი.

„გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა. ჩვენ ველით კოლეგებისგან პასუხს,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელსაც გერლიანის დაკავების ამსახველი ვიდეო-მასალაც ახლავს თან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით  მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს წევრობას“ (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ) ან „კანონიერ ქურდობას” (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ).

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს გერლიანთან დაკავშირებით  განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ  გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა 2016 წლის არჩევნებზე ხმების მობილიზებას კანონიერი ქურდებით ცდილობს. თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იმავე დღეს დაიბარეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ კი შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ უკრაინულ მხარეს ქართველი სამართალდამცველები „კანონიერი ქურდის“ საქართველოში გამოძევების შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

44 წლის დავით გერლიანი უკრაინაში, ოდესაში შაბათს, 18 ივნისს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც თან ახლდა ვიდეო-კადრები თუ როგორ გამოუშვეს გერლიანი საქართველოში.

საქართველოს აეროპორტში გერლიანის უპრობლემო შემოსვლისა და მის მიერ აეროპორტის დატოვების შესახებ კი კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი აეროპორტში იმის გამო მივიდნენ, რომ „ქურდის“ დაკავება გადაეღოთ, რაც არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

რაც შეეხება გერლიანს,  კანონიერ ქურდობას ერთ-ერთ ვიდეოში,  2015 წლის ოქტომბერში, რუსეთის პოლიციაში დაკითხვის დროს, ის თავად  ადასტურებს.