stalin_bust_in_Akura_Crop

სტალინის ბიუსტი სოფელ აკურაში (ipn)

მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ მიერ ხუთშაბათს თელავში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) შს სამინისტროს ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მიმართა, რომ  არ დაეშვა ორგანიზაციის მხრიდან კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით („თავისუფალი ქარტია“ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

ცნობისთვის,  2013 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოში კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების აღმოფხვრის მიზნით, „თავისუფლების ქარტია“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები  ამოქმედდა.

კანონის თანახმად შსს–ში შექმნილი სპეციალური კომისია უფლებამოსილია ამა თუ იმ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის შესახებ ბრძანება გასცეს. ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი თვითმმართველი ორგანო ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმდება.

როგორც DFWatch-ს სუს-ში უთხრეს, კანონით გათვალისწინებული სანქცია კერძო პირებზეც ვრცელდება. თუმცა, როგორც  შსს-ში ამბობენ, ხუთშაბათს თელავში „სოციალისტური საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, თელავში დაგეგმილი ორგანიზაციის ყრილობა ჩაიშალა, ხოლო მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი იმის გამო, რომ მოქალაქეს სახეში სილა გაარტყა, დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 15 თვემდე.