subari sozar 2013-01-03ჩვენი შიდა ოპონენტები ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მათი ეს სურვილები არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე“,   ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

“არ შემიძლია არ შევეხო შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია – ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე. მათ შესაბამისი პასუხი გასცა ქართველმა საზოგადოებამ 8 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს 30 ოქტომბერს,” განაცხადა სუბარმა. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გადავადება სხვა ფაქტორმა გამოიწვია.

ამით ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის ევროკავშირის საბჭოსადმი მოწოდებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის დასაწყისში „შემდგომი გადავადების გარეშე“ დაიწყოს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული, შესრულდა და ვიზალიბერალიზაცია წლის დასაწყისში უნდა მიგვეღო, მაგრამ გადაიდო.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო რამდენიმე თვით, დამოკიდებული იყო არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება. თუმცა აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ ვიზალიბერალიზაციის ხელისშეშლის მცდელობაში აპრილში დაადანაშაულა. კერძოდ,  ჯერ ზვიად კვაჭანტირაძემ, შემდეგ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადეს, რომ ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე სარეკომენდაციო დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია ეკუთვნით და კარგი იქნება, თუკი ის ივნისში მოესწრებაო, “ნაციონალებმა”, გიორგი კანდელაკმა და ტარიელ ლონდარიძემ, მხარი არ დაუჭირეს. კანდელაკმა მაშინ DFWatch-თან დაადასტურა, რომ „ერთ-ერთი დოკუმენტის” მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, თუმცა მისი მტკიცებით, ის არა ვიზალიბერალიზაციას, არამედ საქართველოში არსებულ დემოკრატიულ სიტუაციას ეხებოდა.