auditაუდიტის სამსახურმა ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა და წინასაარჩევნოდ სხვა გადაცდომებზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათ შორის საუბარია რიმა ბერაძის, ლევან ვარშალომიძის და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე .

აუდიტი სასამართლოს მიმართავს და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, რიმა ბერიძის  4 ათასი ლარით, „პატრიოტთა ალიანსის“  სამი შემომწირველის 180 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს; „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძეზე კი აცხადებს, რომ ეს საქმე მის კომპეტენციას სცილდება და ის მთავარმა პროკურატურამ უნდა განიხილოს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე 4 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს, რადგანაც მან 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარა და ეს სამართალდარღვევაა. ასევე 4 ათასი ლარით ჯარიმდება ის არასამთავრობო ორგანიზაცია (“ქართული ოცნება -ჯანმრთელი მომავალი”), რომელთან ერთადაც განხორციელდა ეს ღონისძიება და ის დაკვალიფიცირდა, როგორც უკანონო შემოწირულება.

მეორე გახმაურებულ საქმეზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, ლევან ვარშალომიძეს ეხება, აუდიტის სამსახურმა მოკვლევა შეწყვიტა. ვარშალომიძის შემთხვევაში საქმე ეხება ბათუმში წინასაარჩევნო დაპირებას, მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობისა და გადაცემის თაობაზე და ამ მიზნით ამომრჩევლებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას.

„მოსყიდვას რაც შეეხება, 100-ლარამდე არის სახელმწიფო აუდიტის კომპეტენცია. ამ დროს არის სანქცია ათმაგი ოდენობა და ეს ადმინისტრაციული საქმეა, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ხოლო 100 ლარს ზემოთ თუ არის მოსყიდვა, ეს ითვალისწინებს სს პასუხისმგებლობას, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნასაც. ანუ, ეს მანდატი უკვე გადადის საქართველოს მთავარ პროკურატურაზე,“ – განაცხადა თორდიამ.

აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულებებთან დაკავშირებით სასამართლოსგან ასევე მოითხოვა პარტიების – „პატრიოტთა ალიანსისა“ და „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაჯარიმება.

თორდიას თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200-ლარიანი შემოწირულება მიიღო, რითაც დარღვეულია კანონი, რომ პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს.

„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200-ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, – განაცხადა თორდიამ.

რაც შეეხება მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტიამ 4 პირისგან უკანონო შემოწირულობა მიიღო, რამაც 19 500 ლარი შეადგინა.

„შემომწირველ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები და ვერც გამოკითხვის პროცესში დაადასტურეს შემოსავლების არსებობა. შესაბამისად ვთვლით, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკუთარი სახსრები აღნიშნული შემოწირულობის განსახორციელებლად და ვითხოვთ აკრძალული შემოწირულების განხორციელების მოტივით ორმაგი ოდენობის ჯარიმას 39 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნა თორდიამ.

აუდიტის სამსახურში ასევე ოთხი საარჩევნო სუბიექტის მიმართ გამოიწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

„დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამარ იარაჯულმა, „ჩვენმა სამშობლომ”, „სახალხო პარტიამ” და „ქართულმა იდეამ” დაარღვიეს დადგენილი ვადები და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია მიღებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ“, – განაცხადა თორდიამ და მისი უწყება ამ შემთხვევაში პარტიების მიმართ 2 ათას ლარიანი ჯარიმის, ფიზიკური პირისთვის კი 1000 ლარიანი ჯარიმის შეფარდებას ითხოვს.