tavadzeსაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი პაპუაშვილი ზაზა თავაძემ შეცვალა. მას მხარი პლენუმის რვა მოსამართლიდან 5-მა წევრმა დაუჭირა.  

თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით გამოავლინეს, თუმცა სავარაუდოდ, ზაზა თავაძეს მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ლალი ფაფიაშვილმა, თეიმურაზ ტუღუშმა, თამაზ ცაბუტაშვილმა და თავად თავაძემ.

მას მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ იმ წევრებმა, რომლებმაც მეორე კანდიდატად ირინა იმერლიშვილი წარადგინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ორი მოსამართლე  – ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე – 13 ოქტომბერს დასახელდა. იმერლიშვილი ადრე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და პრეზიდენტის კვოტით მოსამართლედ 2 ოქტომბერს დაინიშნა. მისი კანდიდატურის წამოყენებას ხელს აწერდნენ თავად იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. კენჭისყრის დროს მან სამი ხმა მიიღო – სავარაუდოდ ამ სამი პირის, მათ შორის საკუთარი ხმა.

ზაზა თავაძე იყო გიორგი პაპუაშვილის მოადგილე, ხოლო პაპუაშვილის უფლებამოსილებს ამოწურვის შემდეგ რამდენიემე თვეა სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე კი თავაძე 2008-2010 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

მართალია, ის თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი კადრად ითვლებოდა, თუმცა ამჟამად ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ ინტერესებს გამტარებლად მიიჩნევა.

თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს  ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 5 მოსამართლეს მხედველობაში ტელეკომანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის განხილვა ჰქონდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პლენუმი 5 წლის ვადით ირჩევს. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ 4 წლით უხელმძღვანელებს, რადგან მოსამართლეობის უფლებამოსილების ამოწურვამდე თავაძეს 4 წელიწადზე ნაკლები დარჩა, კანონი კი თავმჯდომარეობას მხოლოდ მოსამართლეობის უფლებამოსილების პერიოდში ითვალისწინებს.