Ihor_Kolomoyskyi2

იგორ კოლომოისკი სააკაშვილი საქართველოში გადაგზავნას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოდესის ოლქის მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, ადგილობრივ ოლიგარქებს უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ შემაფერხებლებს უწოდებს.

“უკრაინის ოლიგარქები, ისევე როგორც პუტინი, აფერხებენ უკრაინის სახელმწიფოს განვითარებას და პოლიტიკური კორუფციის მთავარ მკვებავ ნიადაგს წარმოადგენენ. მათ ფულის სახელმწიფოს  სისუსტეზე იშოვეს და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა ის სამუდამოდ სუსტი იყოს,“ დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქში.

“(ერთ) ოლიგარქს ჩემი ძაღლივით დაძინება (ევთანაზია – რედ.) სურს … ჩემი მოსყიდვისა და დისკრედიტაციის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, მათ სცენარი შეცვალეს და მათთვის კარგად ნაცნობ ხერხზე – პირდაპირ მუქარაზე – გადავიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ბანდიტური ათწლეულების ამ სრულიად გათავხედებულ ნარჩენებს   ხალხი მალე (საკადრის) ადგილს მიუჩენს,“ ასე უპასუხა სააკაშვილმა თავისი მოსისხლე მტრის, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, იგორ კოლომოისკის ამასწინდელ განცხადებებს.

“როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და ვინმეს  კბენს, უნდა დაისაჯოს როგორც თავად ეს  ძაღლი, ასევე, რაც მთავარია, მისი პატრონიც. ძაღლებს ამ დროს აძინებენ-ხოლმე. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, შეგვიძლიათ ის საქართველოში გადავაგზავნოთ, სადაც მას იქ დაკბენილი ადამიანების გამო მოუწევს პასუხისგება,” განაცხადა კოლომოისკიმ  ტელეარხ „1 + 1“-ის ეთერში.

კოლომოისკის ამ განცხადებას წინ უძღოდა სააკაშვილის ბრალდება ავიაგადაზიდვის სისტემასთან დაკავშირებით.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა კოლომოისკის მიერ კონტროლირებადი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ კორუფციასა და ბაზრის უკანონოდ მონოპოლიზებაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებებს კოლომოისკი კატეგორულად უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა სააკაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

კოლომოისკი კიდევ უფრო შორს წავიდა და სააკაშვილს „ბინძური და წვინტიანი ნარკომანი უწოდა“, რომელმაც პასუხისგებამდე „ნარკომანიისგან განსაკურნად რეაბილიტაციის კურსები უნდა გაიაროს.“

იგორ კოლომოისკი უკრაინაში სიმდიდრით მეორე ადამიანად მიიჩნევა, რინატ ახმეტოვის შემდეგ, რომელიც პოლიტიკაში ნაკლებად აქტიურობს. ის არა მარტო უბრალოდ გავლენიანი ადამიანია, არამედ უფრო „ქმედით“ ინსტუმენტებსაც ფლობს – აკონტროლებს რა უამრავ კერძო დაცვის ფირმასა და სხვადასხვა ყალიბისა და რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკებს. უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დროს კოლომოისკიმ ჩამოაყალიბა და აღჭურვა არაერთი საბრძოლო ბატალიონი, რომლებმაც საომარ მოქმედებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ამას გარდა ის მრავალ მედია-გამოცემასაც ფლობს, მათ შორის ზემოთნახსენებ ტელეარხ „1+1“-ს.

52 წლის კოლომოისკი წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდანაა. ეს არის დიდი სამრეწველო ქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც ოლიგარქი შეუზღუდავად განაგებს. ის ამ რეგიონის გუბერნატორი იყო, სანამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირება „უკრნაფტას“ გამო ყოველგვარ ზღვარს არ გადავიდა.

მაშინ კოლომოისკის შეიარაღებულმა ჯგუფმა „უკრნაფტა“, ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო საწარმო, შტურმით აიღო (ამ სიტყვის პირდაპირი მნშვნელობით). ამის შემდეგ პოროშენკომ კოლომოისკი გუბერნატორობიდან გაათავისუფლა.