rustavi 2სააპელაციო სასამართლოშირუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 3 ივნისს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მოსმენით განახლდება, და არის მოლოდინი, რომ კოლეგია სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს და  ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გასული წლის ნოემბერში მიღებულ იმ გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ტელეკომპანიის მენეჯმენტი და ადვოკატები ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე წნეხსა და აქედან გამომდინარე პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაზე აკეთებენ მწვავე განცხადებებს. როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ოპოზიცური ტელევიზიის ჩახშობა სურს, მაგრამ მათ ძალიან ბევრი ადამიანი დაიცავს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი კი ამ ყველაფერს აბსურდს უწოდებს. პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში არ მიმდინარეობს. ამბობს, რომ 8 იანვრის განჩინებით 5-თვიანი განხილვის ვადა განისაზღვრა, რომელიც 8 ივნისს იწურება. გარდა ამისა ამბობს, რომ სააპელაციოთი პროცესი არ სრულდება, საქმე უზენაეს სასამართლოშიც გასაჩივრდებოდა და მანამდე დირექტორად ისევ ნიკა გვარამია რჩება.

ცნობისათვის, სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა ორი დღეა ხმაურითა და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

სამშაბათს კი სხდომიდან, სადაც ტელეკომპანიის ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა ხდებოდა, რამდენიმე პირი, მათ შორის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს. მიზეზი მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან შელაპარაკება გახდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე და მოწმის სახით არ დაკითხა სასულიერო პირი, რომელიც, გვარამიას თქმით, ფლობდა ინფორმაციას, წულუკიანის მხრიდან როგორც ხორციელდებოდა მოსამართლეებზე წნეხი.

ამ ყველაფრის გამო გვარამიამ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე და შორენა ყაველაშვილი, “წულუკიანის დაკვეთის” შესრულებაში დაადანაშაულა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ბოლოს მისი გაძევებაც კი.

„არავისი გადასაწერი არაფერი არ მჭირს. თუ ვიღაცის დაწერილი გადაწყვეტილება ჩემს გადაწყვეტილებას დაემთხვევა, მანტიას გავიხდი,“ – ბრალდების პასუხად განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ.

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ მათ მართლმსაჯულებას კი არ სთავაზობენ, არამედ ზონდერ-მოსამართლეები ასამართლებენ და ეს კარგად არ დამთავრდება.

მან იქვე პრეზიდენტსა და სახალხო დამცველსაც მიმართა: “გამოიღვიძეთ, მეგობრებო! აქ ხდება არნახული უსამართლობა. აქ საფუძველი ეყრება, არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას. გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებები”.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება გასული წლის 3 ნოემბერს გამოიტანა, რომლითაც ტელეკომპანია ამჟამინდელ მფლობელებს ჩამოართვა და ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან ყველა ინსტანციის სასამართლოში არ გასაჩივრებულა.