(Facebook)

(Facebook)

საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივ დევნას ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე აგრძელებს და მხოლოდ ერთჯერადი განცხადებებით შემოიფარგლება.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის  მრჩეველია,  აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მაშინ  აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ  აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილის დაკავება სთხოვა, რაზეც ბაქოდან უარი მიიღო.  მხოლოდ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გააკეთა საქართველოს პროკურატურამ განმარტება, რომ მათ მართლაც მიმართეს აზერბაიჯანულ მხარეს,  მაგრამ უარი კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.

ამ ამბიდან  რამდენიმე დღეა გასული და DFWatch-ს პროკურატურაში ისევ უთხრეს, რომ პასუხი ისევ არ მიუღიათ. ამასთან, ისინი ვერაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, დამატებით რაიმე ქმედებას გეგმავენ  თუ არა.

ასევე, როგორც ჩანს, არანაირ რეაგირებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც DFWatch-ს უთხრეს, რომ  ამასთან დაკავშირებით  არანაირი განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

ახლა, როცა ცხადია, რომ ქვეყანამ, რომელთანაც საქართველოს მეგობრული ურთიერთობა აქვს, მის მიმართვას იგნორირება გაუკეთა, უცნობია, აპირებს თუ არა ოფიციალური თბილისი ამ საქმეს მისდიოს. ჩვეულებრივ, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე პირის დაკავებას სთხოვს, ან მისი მოთხოვნა სრულდება ან შესაბამისი ახსნა-განმარტება კეთდება-ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კი ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან  იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამოიღო, რომელიც ახლა უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში ეხმარება.

მანამდე რამდენიმე ქვეყანამ ასევე უარი უთხრა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შეეხებოდა, რომლის გადმოცემაზეც უარი საბერძნეთის სასამართლომ თქვა.