Kighuradze

ვანო კიღურაძე (ipn)

„მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც აკადემიის ხელმძღვანელობასა და მისავე წევრ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა,  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი კენჭისყრა პარასკევს, 10 ივნისს ვერ შედგა, რადგან როგორც DFWatch-ს  პროექტის ავტორმა ვანო კიღურაძემ უთხრა, კვორუმი ვერ შედგა. შესაბამისად, განხილვა შემდეგ სასესიო კვირაში გაიმართება.

საუბარია, ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ვანო კიღურაძემ პარლამენტში  20 აპრილს წარადგინა. დაპირისპირების მთავარი მიზეზი კანონპროექტით გათვალისწინებული ორი ცვლილებაა. კერძოდ, ასაკობრივი ცენზის დაწესება, რომელიც გულისხმობს, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად 70 წელზე მეტი ასაკის პირი ვერ აირჩევა. (შეგახსენებთ, რომ მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტები, როინ მეტრეველი და თემურ ნანეიშვილი, 70 წელს გადაცილებულნი არიან.)

მეორე სადავო ცვლილებაა აკადემიის წევრ-კორესპოდენტთა თანდათანობით გაუქმება და მათი სტიპენდიანტებით ჩანაცვლება. პროექტის თანახმად, წევრ-კორესპოდენტებისგან განსხვავებით, სტიპენდიანტები 5 წლით აირჩევიან, ყოველთვიური ანაზღაურებით არანაკლებ 1000 ლარისა.

კიღურაძე გამოეხმაურა აკადემიის წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც, თითქოს ამ ცვლილებების მიზანი ის არის, რომ თავად კიღურაძე გახდეს აკადემიის პრეზიდენტი. DFWatch-თან საუბრისას კიღურაძემ ამ განცხადებებს “უსინდისო და უნამუსო”  უწოდა, რადგან, მისი თქმით, ცვლილებების თანახმად,  70 წელს გადაცილებული ადამიანი აკადემიის პრეზიდენტი ვერ გახდება. თავად კი უკვე 79 წლისაა, რაც ავტომატურად გამორიცავს მის პრეზიდენტობას.

„იქ არის კვესიტაძე-მეტრეველის თანამდებობრივი ამბიციები. გიორგი კვესიტაძე როგორ გახდა პრეზიდენტი, იცით? – ყველა აკადემიკოსს ჩამოუარა.  არ შეიძლება ადამიანი ასე მათხოვრობით გახდეს  აკადემიის პრეზიდენტი. გიორგი კვესიტაძე (აკადემიის პრეზიდენტი), როინ მეტრეველი (ვიცე-პრეზიდენტი), ირაკლი ჟორდანია (მთავარი აკადემიკოს-მდივანი) – ამ 3 ყოფილ კომუნისტ მაღალჩინოსანს უნდათ, აკადემიას სიცოცხლის ბოლომდე განაგებდნენ.

„ჩემი იდეაა წევრ-კორესპონდენტის მუდმივი პოზიცია სტიპენდიანტებით ჩავანაცვლოთ, რომელიც იქნება დროებითი პოზიცია და, რაც მთავარია, ახალგაზრდებზე ორიენტირებული. სტიპენდიანტები აკადემიის არაწევრი პირებიდან აირჩევა. ესაა მობრუნება ახალგაზრდობისაკენ. 4 წელია ამ ცვლილებების განსახორციელებლად ვიბრძვი, თუმცა, აკადემიასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და ახლა უკვე დამოუკიდებლად შევიტანე კანონი პარლამენტში,“-აღნიშნა კიღურაძემ.

აღნიშნული კანონპროექტის ზოგიერთ პუნქტს აკადემიის შიდა საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებს მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი ირაკლი ჟორდანია, რომელიც DFWatch-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ კიღურაძეს არ სურს და არ თანხმდება, რომ აკადემიის წევრებთან ერთად იმსჯელოს იმ ცვლილებებზე, რომელიც აკადემიისთვის მიუღებელია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, აკადემიის წევრები არ გაჩერდებიან, ისინი მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტს, რომ არ მოხდეს ამ კანონის ამოქმედება.

„2006-2007 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წევრ კორესპონდენტების შემცირება გადაწყვიტა. შესაბამისად, მათი არჩევნები აღარ ხდებოდა და ვინც უკვე არჩეული იყო, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ბოლომდე. შედეგად კი ნელ-ნელა ეს ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდებოდა.  ჩვენი სურვილი და მოლოდინი იყო რომ მთავრობა ახალი ცვლილებებით აღადგენდა ამ წევრ-კორესპონდეტებს. თუმცა, კიღურაძის კანონპროექტი მათი სტიპენდიანტებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც არაა სწორი, რადგან სტიპენდიანტი არ მონაწილეობს აკადემიის ცხოვრებაში, არ არის აკდემიის სიხლ-ხორცეული ერთეული. ჩვენი პოზიციაა – იყვნენ სტიპენდიანტებიც, ოღონდ დავტოვოთ წევრ-კორესპონდენტებიც. თუმცა, კიღურაძე ამის წინააღმდეგია.

„გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება ასაკობრივ ცენზს ეხება, რომლის მოტივიც არ ვიცი. კიღურაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტებშიც არის ასაკობრივი ცენზი, თუმცა უნივერსიტეტი სხვა სისტემაა, რადგან იქ არიან სტუდენტები, პროფესორები, რომელთა მოვლა-პატრონობა დიდ ენერგიას მოითხოვს.

„კანონპროექტი გულისხმობს იმასაც, რომ აკადემიას ორის ნაცვლად  ერთი ვიცე პრეზიდენტი ჰყავდეს. ეს კი აკადემიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა, რადგან  აკადემია თვითონ წყვეტს ერთი, ორი თუ მეტი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდეს,“ – ამბობს ჟორდანია.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია  საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, 1941 წლის თებერვალში დაფუძნდა.

როგორც მის წესდებაშია აღნიშნული, აკადემიის ძირითადი მიზნებია საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მსოფლიო მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა, საქართველოს მეცნიერთა მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და ა.შ.