Gia Lortkipanidze (Ipn)

Gia Lortkipanidze (Ipn)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ინიშნება, რომლის სახელიც 2012 წლის აგვისტოში ჩატარებულ, დღემდე ბნელით მოცულ ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ზურაბ ადეიშვილი ოდესის მთავარ პროკურორად ინიშნებოდა. ეს ცნობები ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა გუბერნატორად დანიშვნისთანავე დაანონსა, რომ ის საკადრო ცვლილებებსაც გეგმავდა და ოდესაში საკუთარი გუნდის წევრებსაც წაყვანასაც აპირებდა.
გია ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, მაგრამ ლაფანყურის სპეცოპერაციამდე მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოქცევისგან თავის არიდებას ახერხებდა. ამ ოპერაციაში კი ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დასახელდა და მოგვიანებით ამის დაეძაბა ურთიერთობა დათა ახალაიასთან.
ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სამიოდე დღით ადრე 5 ახალგაზრდას გატაცების გამო დაიწყო. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

საბოლოოდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი და შეიარაღებული დაჯგუფების 7 წევრი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე, ეთნიკურად ქისტები.
ამ ოპერაციის ჩატარებისთანავე გაჩნდა კითხვები, რაზეც პასუხი დღემდე არ არის გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება ამ ოპერაციის გამოძიება იყო.

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში შესაძლოა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის გია ლორთქიფანიძის სს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. მაშინ მან პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხვნითაც მიმართა. თუმცა, მაშინ პარლამენტმა კომისიის შექმნაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამ საქმეს პროკურატურა სწავლობდა.

პროკურატურას კი ეს საქმე ისევ არ დაუსრულებია. შედეგად კითხვები ისევ არსებობს და მათ შორის ამ ოპერაციაში გია ლორთქიფანიძის როლზეც.
გია ლორთქიფანიძე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორკურატურაში რამდენჯერმე იყო დაბარებული. პირველად ის 2012 წლის დეკემბერში დაიბარეს, მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი მისი ძმა დააკავეს, რომელიც კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
2013 წლის აპრილში კი ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდა დევნილობაში მყოფი დათა ახალაია, კუდ-ის ყოფილი უფროსი. მაშინ დათა ახალაიას სახელით „ფეისბუქში“ მიმართვა გავრცელდა, სადაც ეწერა, თითქოს ლაფანყურის სპეცოპერაცია ვანო მერაბიშვილმა გია ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.
ამ დროს სახალხო დამცელსა უკვე ჰქონდა განცხადება გაკეთებული ამ ოპერაციაში გია ლორთქიფანიძის როლთან დაკავშირებით.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი, რომელსაც პირადი კონტაქტები გააჩნია კავკასიელ ხალხებთან, ამბობდა, რომ „არ შემიძლია, ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ ამ ბნელით მოცულ ამბავში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, კვლავ ბევრი კითხვაა. ლორთქიფანიძე წარმოშობით ახმეტიდანაა. ის მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო და ამ მიმართულებას კურირებდა. ისიც კი ვიცი ლორთქიფანიძე ქისტებთან რომ იყო ჩასული და უხსნიდა, მე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვისო, თუმცა არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო“.

ამ ყველაფერს კი თავად გია ლორთქიფანიძემ „არასერიოზული“ უწოდა.
„გამოძიებასთან ვთანამშრომლობ, მომავალშიც ვითანამშრომლებ და იმედია, ჭეშმარიტებას სწორედ გამოძიება დაადგენს. მსგავს განცხადებებს უკვე აღარც ვეცნობი. დათა ახალაიას განცხადებას კი, რა თქმა უნდა, არასერიოზულად მივიჩნევ,“, – განაცხადა მაშინ გია ლორთქიფანიძემ მედიასაშუალებებთან.
ამის შემდეგ კი მისადმი ინტერესი განელდა, რადგან არც პროკურატურა აქტიურობდა და აღარც სააკაშვილის გუნდიდან გაკეთებულა რაიმე განცხადებები.
ოდესაში მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი ქართულმა საექსპერტო წრეებმა მისი ლაფანყურთან დაკავშირებული ისტორია და ახალაიებთან უთანხმოება გაიხსენეს. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არავინ აკეთებს.
.