„ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიცია არ იქნება, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გიდასტურებთ,“ აცხადებს ვიქტორ დოლიძე  

„ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიცია არ იქნება, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გიდასტურებთ,“ აცხადებს ვიქტორ დოლიძე (news.ge)

„არაფერს გამოვრიცხავ,  გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი პოლიტიკური კოალიციისა თუ ალიანსისა. მე ჩემ აზრს გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, პარტიის ყველა წევრი იგივე  აზრისაა,“ აცხადებს DFWatch-თან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრი ვიქტორ დოლიძე.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ ალიანსს, დოლიძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია“, თუმცა ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა არ გამართულა.

ამბობს, რომ პარტია „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია, და ირწმუნება, რომ პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას არავითარი აქციები არ დაუანონსებია.

„(ალასანიას) ნათქვამი  არანაირად არ ნიშნავდა, რომ მაგალითად, 11-ში სასამართლოა და თუ ბრალდებულებს პატიმობა შეეფარდათ, 12-ში კი გამოვალთ და სასამართლოს ან პროკურატურას პიკეტირებას მოვუწყობთ,“ აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე : ძალიან ცუდია, რომ ერთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად 5 უდანაშაულო ადამიანის გამოყენება მოხდა. ვფიქრობ,  საქმის განხილვის პერიოდში ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული თემაა და არანაირი კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან და მითუმეტეს კორუფციასთან არ აქვს. ამიტომ, მოსამართლის კეთილგონიერების, პრინციპულობისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების იმედი მაქვს და სასამართლოსგან პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველი.

DFWatch:  ამ საქმესთან დაკავშირებით მუდმივად  პოლიტიკურ მოტივებზე იყო საუბარი. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ხომ არ იქნება ეს ხელისუფლების უკან დახევის ნიშანი?

.:  ასეთი განცხადების ხმამაღლა კეთება არ მიყვარს. ამიტომ, ამას  ჩემთვის შევინახავ. თუმცა, ეს არ არის სწორი მიდგომა. არ მინდა ეს გადაწყვეტილება  ვინმეს უკან დახევად ან გამარჯვებად იყოს აღქმული. ბრალდებულთა უდანაშაულოდ ცნობა კარგი იქნება, პირველ რიგში, ქართული სასამართლოსთვის, სახელმწიფოსთვის.  ეს იქნება ნიშანი, რომ სასამართლო დღეს  დამოუკიდებლობის გზაზე დგას და სააკაშვილისდროინდელ სისტემას  არ ემსგავსება.

DFWatch:  ალასანიამ აქციები დააანონსა იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ბრალდებულებს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. ეს იქნება მხოლოდ თქვენი პარტიის აქცია, თუ თქვენ გვერდით სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ვიხილავთ?

.:   არა, არა! ჩემი აზრით, ალასანიას კი არ დაუანონსებია, არამედ თქვა, რომ ამ ხალხის თავისუფლების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს და თუ საჭირო იქნება, მზად არის  გამოვიდეს (ისიც და „თავისუფალი დემოკრატებიც) და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მისი ნათქვამი  არანაირად არ ნიშნავდა, რომ მაგალითად, 11-ში სასამართლოა და თუ ბრალდებულებს პატიმობა შეეფარდათ, 12-ში კი გამოვალთ და სასამართლოს ან პროკურატურას პიკეტირებას მოვუწყობთ.

DFWatch: ანუ აქციების შესახებ, პარტიის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა ?

.: ახლა არანაირი აქციების დაგეგმვა  არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიდგებით მათი უფლებების დასაცავად. თუმცა,  დაანონსება, რომ ამის გამო მასშტაბურ აქციებს ვიწყებთ,  ყველა პოლიტიკური ძალის ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდება… ეს არც ირაკლი ალასანიას უთქვამს და არც არავის უგულისხმია.

DFWatch: ალასანიამ თქვა, რომ ფიზიკურ ბრძოლისთვის მზად იყო, თქვენ კი ამბობთ, რომ პარტიაში მასშტაბურ აქციებზე არ გისაუბრიათ …

.:   ალასანია არ საუბრობდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე.  მან  კანონიერი ქმედებები, მათ შორის საპროტესტო აქციები იგულისხმა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანი არ იქნება, ამ ადამიანების უფლების დასაცავად ყველაფერს ვიზამთ.

DFWatch: IRI-ისა და NDI-ის კვლევებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ერთმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა ვერ მოიპოვოს და ახალი მმართველი კოალიციის შექმნა გახდეს საჭირო. თუ ასეთი საკითხი დღის წესრიგში დადგა, ვისთან შეხვალთ კოალიციაში –  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ქართულ ოცნებასთან“?

.: ამაზე რთულია საუბარი. თუმცა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიცია არ იქნება, არაერთხელ მითქვამს და ახლაც გიდასტურებთ.

DFWatch: „ქართულ ოცნებაზე“ რას იტყვით, მათთან კოალიციას არ გამორიცხავთ?

.: არაფერს გამოვრიცხავ,  გარდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი პოლიტიკური კოალიციისა თუ ალიანსისა. მე ჩემ აზრს გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, პარტიის ყველა წევრი იგივე  აზრისაა.

DFWatch: როგორც წესი, ყველა არჩევნებს ახლავს ქუჩის აქციები. მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა თუ არა ვიხილოთ „თავისუფალი დემოკრატები“ ქუჩის აქციებზე – ინაშვილის, ბურჯანაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის გვერდით ?

.:  მე ვერ ვხედავ და არც მინდა დავინახო აქციების აუცილებლობა. იმედი მაქვს, ხელისუფლება საარჩევნო პროცესებს ისე წარმართავს, რომ  საქმე ქუჩაში გასვლამდე არ მივა. სურვილი მაქვს ვიბძოლო, მაგრამ ეს მოხდეს შენობებში, პარლამენტში თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან. არავის სურს ქუჩაში გავიდეს და, თუ საფუძველი არ ექნება, აქციები მოაწყოს, ამიტომ ეს საფუძველი თვითონ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

DFWatch: ანუ  საპროტესტო  აქციებს გამორიცხავთ?

.: ხელისუფლებამ არ უნდა მიიყვანოს საქმე აქციებამდე, არ უნდა გააყალბოს არჩევნები, არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ჯერ-ჯერობით არ მაქვს საფუძველი, რომ ამის მოლოდინი მქონდეს. რადგან საერთო ჯამში, 2012 წლის არჩევნებთან შედარებით გარემო დღეს უფრო თავისუფალია. ამიტომ, იმედი მაქვს  აქციები და ქუჩაში გასვლა საჭირო არ იქნება.