nika_gvaramia30 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მანამდე, ორი დღი ადრე კი,  ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე ხუთ ადამიანს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამ დღეებში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს წაართვან.  

მის თქმით, სასამართლოზე რამდენიმე ადამიანი აწარმოებს ზეწოლას. მათ შორისაა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასამართლოში „ზონდერად ჩასმული” მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა.

„სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი, ზონდერი ივანე ზარდიაშვილი,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ივანე ზარდიაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოადგილეა.

გვარამიას თქმით, ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში ყოველთვის „ზონდერი“ იყო, და უბრალოდ ის წინამორბედი ხელისუფლებისგან გადაიბარა ახლა „ქართულმა ოცნებამ“.

„ამ ადამიანთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა პრეტენზიები, როდესაც ის იყო სასამართლოს მმართველი  და მანდატურებს ათავისუფლებდა იმის გამო, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიტინგზე დადიოდნენ. ეს იყო წინა ხელისუფების ზონდერიც და არის ამ ხელისუფლების ზონდერიც,“ – აღნიშნავს გვარამია.

ბრიფინგზე გვარაიამ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებს მოუწოდა მოერიდნონ ამ ადამიანთან კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის კამერები გამუდმებით გადაიღებენ ზარდიაშვილის შეხვედრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც.

„ქართულ ოცნებაში“ ამ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ.

ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი, შალვა თადუმაძე ამ განცხადებას აბსურდს უწოდებს. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ წარმოდგენილა და არასოდეს, არც ერთ მოსამართლესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე გამორიცხულია, მე რომ მოსამართლესთან რაიმე კომუნიკაცია მქონდეს,“ – დასძენს თადუმაძე.

იურიდული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ბრალდება ყველაფერზე შეიძლება ისმოდეს, მაგრამ რაც მოისმინა, იმდენად არასერიოზულია, რომ კომენტარს არ გააკეთებს.

„რაღაც ინკოგნიტო წყარო ამბობს, რომ შესაძლოა ზრწოლა ხორციელებდეს… ამ კითხვას   სერიოზულად ვერ ვღებულობ,“ – ამბობს ბესელია.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება 30 ნოემბერს გამოაცხადოს.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენებით ტელეკომპანია ამჟამინდელ მფლობელებს ჩამოერთვა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან დანჩენილია საბოლოო და გადამწყვეტი ინსტანცია – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების მექანიზმი ქვეყნის შიგნით აღარ არსებობს.