paata-burchuladzeპაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის წყალტუბოში ხუთშაბათს დილით 30- მდე ადამიანმა დატოვა, ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს კი პარტიის შტაბი ყველა, 60-ვე წევრმა დატოვა მესტიაშიც.   

წყალტუბოში პარტიიდან წასული ადამიანები აცხადებენ, რომ ხელფასს არ აძლევდნენ და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც უანგაროდ აკეთებდნენ, დაფასებაც არ ჰქონდათ.

როგორ პარტიის ყოფილი წევრი ბელა ბენდელიანი ამბობს, პარტიაში ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაწევრიანდნენ, რაც მიუღებელია.

„სწორედ ამიტომ ბურჭულაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – ამბობს ბენდელიანი.

მესტიის შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ საბანიძე მათ წასვლის მიზეზად ყოფილ „ნაციონალებთან“ გაერთიანებას ასახელებს.

„თავიდან, როცა პარტია ჩამოყალიბდა, დიდი ხალისით შევედით ამ პარტიაში და გვინდოდა, რომ ახალი და სუფთა სახე ყოფილიყო. მერე სიტუაციები შეიცვალა, ის კურსი, რა იდეითაც შევედით პარტიაში და მხარი დავუჭირეთ, შეცვლილია აბსოლუტურად. დღევანდელ ბლოკში მე ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. მესტიის რაიონში შტაბი არ არსებობს, აბსოლუტურად ყველა გადადგა – 60 ადამიანი”, – განაცხადა საბანიძემ.

საბანიძე მისი შტაბის წევრებზე ყოველგვარ ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ყველამ პირადად მიიღო. დაუზუსტებელი ინფორმაციით წასულების დიდი უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

ბოლო დროს ბურჭულაძის პარტიას მისი წევრები მასობრივად ტოვებენ. პარტია ორშაბათს, 19 სექტემბერს დატოვა ახალგაზრდულმა ფრთამ. ასევე 20 სექტემბერს პარტია კაჭრეთში დატოვა რაიონული ორგანიზაციის 25-მა წევრმა და ხონში –  15-მა წევრმა.

რამდენიმე კვირის წინ კი პარტია მისმა ყველაზე ცნობილმა სახეებმა –  მერაბ მეტრეველმა, ხათუნა ლაგაზიძემ და გიორგი რუხაძემ – დატოვეს.

პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) ამ ადამიანებზე წნეხს ახორციელებს და აიძულებს ტელეკამერების წინ დატოვონ პარტიის რიგები, თუმცა ის მადლიერია სუს-ის, რადგან „პარტიას სუსტი ადამიანები ტოვებენ და ძლიერები რჩებიან“.

პაატა ბურჭულაძემ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ 28 მაისს დააფუძნა. მას შემდეგ რა მისი პარტიის წევრებმა რაიონული შტაბის დატოვება დაიწყეს, ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან პარტიის დამფინანსებლებსა და წევრებზე მუქარის შესახებ ალაპარაკდა. სწორედ ფინანსური პრობლემების შექმნა და უფულობის გამო პარტიის წევრების მასობრივად წასვლა იყო უმთავრესი მიზეზი იმის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ სამ პარტიასთან – გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ და „ახალი მემარჯვენეები – ერთიანი ბლოკი შექმნა 18 აგვისტოს. თუმცა პარტიის დატოვება წევრების მიერ ისევ გაგრძელდა და ახლა უკვე მიზეზად ყოფილ „ნაციონალებთან“ მიუღებელი კავშირი სახელდება.