umar-al-shishaniტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სირიის მიმართულების სამხედრო მეთაური, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ შიშანი (აბუ ომარ „ჩეჩენი“) ამერიკული საჰაერო იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან  გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, სი-ენ-ენი ავრცელებს.

კონკრეტულად როგორ იქნა მოძიებული ინფორმაცია ბათირაშვილის გარდაცვალებაზე, ამაზე დეტალური ცნობები არ ვრცელდება. ერთ-ერთ მტკიცებულებად პენტაგონი იმ გარემოებას ასახელებს, რომ აბუ ომარის „კომუნიკაციის წყაროები დადუმდა.“

მანამდე „სირიის თავისუფალ არმიასთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტურმა ქსელმა „ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე დღეა საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული ქალაქ რაქაში, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული. „თავისუფალი არმია“ არის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც ეომება როგორც ბაშარ ასადის მთავრობას, ასევე „ისლამურ სახელმწიფოსაც.“

ბათირაშვილი 4 მარტის კოალიციური ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად მძიმედ  დაიჭრა.  როგორც შემდეგ დაზუსტდა, შეტევაში მონაწილეობდა როგორც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, ასევე დრონები. დაზუსტდა ასევე იერიშის ადგილი. თუ ადრე ასეთად სახელდებოდა ალ-შადადი, შემდეგ პენტაგონის ოფიციალურ პრესრელიზში ითქვა, რომ ეს იყო ჰასაკას პროვინციის სხვა დასახლებული პუნქტი – ალ-ჰაული, რომელიც ასევე სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.

ავიაიერიშის მომენტში აბუ ომარი „აისისის“ ადგილობრივ სამხედრო მეთაურებთან მართავდა თათბირს. მასთან ერთად დაღუპულია „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ 12 წარმომადგენელი.

თავიდან ამერიკული მედია თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინებოდა. თუმცა შემდეგ ბი-ბი-სიმ გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების ავიაიერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ 13 საველე მეთაურიდან 12-ის ლიკვიდაცია მოხდა, ბათირაშვილი კი ცოცხალი გადარჩა.

თარხან ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი გავლენიანი სამხედრო მეთაურია. ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წელს ტერორისტთა შავ სიაში შეიყვანა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა. 2010 წელს კი ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობიდან 2013 წლის იანვარში, ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მან საქართველო დატოვა. სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში კი იმავე წლის ზაფხულიდან გამოჩნდა. ტერორისტულ ორგანზიაციაში მალევე დაწინაურდა, რასაც რამდენიმე უაღრესად წარმატებით დაგეგმილმა და შესრულებულმა სამხედრო ოპერაციამ შეუწყო ხელი.