repeat elections 2012-10-14

საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს (ipn)

საპარლამენტო არჩევნების თარიღი  – 8 ოქტომბერი – ძალაში რჩება, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს.

საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელის საფუძველზეც განისაზღვრა არჩევნებისა და, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, აღმოჩნდა იურიდიული ხარვეზი, რაც სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა.

შედეგად, ხუთშაბათს პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება მოტივირებული შენიშვნებით უკან გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას დაუბრუნა.

ამის მიზეზი ისაა, რომ კანონით წინასაარჩევნო კამპანია იწყება პრემიერის მიერ არჩევნების დანიშვნაზე საპრეზიდენტო განკარგულების ხელმოწერისთანავე.

„ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა გამოიწვია ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქმე ეხება არა მარტო საპარლამენტო, არამედ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც.

კერძოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან ორი სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისთვის 6 აპრილს გაუგზავნა. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ამ დროიდან დაიწყებოდა, რაც განსაკუთრებულ რეჟიმს გულისხმობს.

კანონის მიხედვით კი, პრემიერს კონტრასგინაციისთვის ვადა 16 აპრილამდე ჰქონდა. შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია პრემიერის ხელმოწერისთანავე შევიდოდა ძალაში.

ამიტომაც პრეზიდენტის ამ განკარგულებამ არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. არასამთავრობოების განცხადებით, სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა არჩევნების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის 8 აგვისტოს ამოქმედებამ, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

”პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით არჩევნების თარიღზე – 8 ოქტომბერზე. ეს თარიღი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, რომელზეც აღარ შევჩერდები. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას,“- აცხადებს კვირიკაშვილი.