adjara_prosecutor_officeპოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ მიმალვაში მყოფი  ერთი პირი, გიგლა შიოშვილი დააკავა.

შიოშვილის ადვოკატმა მედიას უთხრა, რომ ბრალდებული პროკურატურაში საკუთარი სურვილით გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის საქმეზე 5 პირი იყო დაკავებული.

კერძოდ, 2011-2012 წლებში შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი, შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი  რევაზ შიუკაშვილი  და მისი მოადგილე რომან ზაალიშვილი, კუდ-ის მე-6 სამმართველოს ყოფილი უფროსი გივი კაციტაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმეზე, გარდა 5 დაკავებული პირისა, კიდევ  ორი ეჭვმიტანილია – გიგლა შიოშვილი, რომელიც  გამოძიებას მიემალა და გივი კაციტაძე, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.