ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხად ბოლო წლებია დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის შემცირება სახელდება და მუდმივად ამას განიხილავს ყველა – დე ფაქტო ხელისუფლება, აფხაზი ექიმები და ადგილობრივი მედია.  გასულ წელს სოხუმის მთავარი საავადმყოფოს დირექტორმაც განაცხადა, რომ შობადობა 25%-ითაა შემცირებული და ზომებია მისაღები.

იწერება სტატიები, რომ აფხაზებისნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის შობადობის დაბალი მაჩვენებელი მალე დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევს, თუმცა სოხუმის რეჟიმის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით რატომღაც შობადობა უფრო მეტია, ვიდრე სიკვდილიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი სურათი ციფრებში „მძიმე სულაც არ არის“.

„ეხო კავკაზას“ აფხაზი ჟურნალისტი წერს, რომ დემოგრაფიული სტატისტიკით სიღრმისეულად  მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ცოტა ხნის წინ ნაცნობმა ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რომ აფხაზ მოსახლეობაში სიკვდილიანობა აღემატებოდა შობადობას?

ჟურნალისტი წერს, რომ სოხუმში სტატისტიკის სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემებით გაირკვა, ბოლო  24 წლების გამავლობაში (მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობა გამოაძევეს), მხოლოდ 1994 წელს გადააჭარბა აფხაზების სიკვდილიანობის მაჩვენებელმა (1730) შობადობის მაჩვენებელს (1470) და ეს იმით აიხსნება, რომ ომი ახალი დამთავრებულია და ბრძოლებში მძიმედ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაჭრილი. ყველა მომდევნო წლებში კი დაბადებულთა რიცხვი აჭარბებს სიკვდილიანობის რაოდენობას. თუმცა 1995-1999 წლებში  (შესაბამისად, 1611, 1551, 1396, 1432, 1169) შობადობის დინამიკა ეცემა და ჟურნალისტი ამას იმით ხსნის, რომ ამ დროს აფხაზეთი ეკონომიკურ ბლოკადაში იყო დე-სე-თეს ქვეყნების მიერ და მოსახლეობას ეკონომიკურად ძლიერ უჭირდა.

აფხაზებისთვის შობადობის პიკია 2009-2012 წლებში (2207, 2156, 2143, 2258).  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შობადობა ისევ შემცირებულია. 2015 წელს დაიბადა 1927 ბავშვი, ხოლო 2016 წლის 9 თვის განმავლობაში 1247 (სავარაუდოდ, წლის განმავლობაში დაბადებულთა რაოდენობა დაახლოებით 1660 იქნება).

ბოლო 10 წლის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად 1500-ის ფარგლებში მერყეობს და სიკვდილიანობა დაბადებულებზე საშუალოდ 20-25%-ით ნაკლებია.

ჟურნალისტის თქმით, საბოლოო ჯამში, თავზე ნაცრის დაყრის მიზეზი არ არსებობს, მაგრამ შობადობის კიდევ უფრო გაზრდაზე მუშაობა მაინც აუცილებელია.

აფხაზებს მოსახლეობის სტატისტიკა გასაჯაროვებული აქვთ და აფხაზების რაოდენობა აბსოლუტურ რიცხვებში მართლაც იზრდება. ეთნოწმენდის შემდეგ 2003 წლის აღწერით, აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 215 272 ადამიანს, ეთნიკურად აფხაზია – 94 606, (მოსახლეობის 44 %); 2011 წლის აღწერით აფხაზეთის მოსახლეობაა 240 705 ადამიანი, მათგან აფხაზია – 122 069, (51%);  2016 წელს აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობაა – 243 564, ეთნიკურად აფხაზია – 124 455, (51 %).

საგულისხმოა ის, რომ ამ სტატისტიკის პარალელურად 2017 წელს სწორედ დე ფაქტო სტატისტიკის მიხედვით 25%-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელმა რიტა ტრაპშმა განაცხადა, 2000 წლიდან დღემდე, შობადობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა და ჯანდაცვის შესახებ კანონის გადახედვა მოითხოვა კიდეც.

მისი თქმით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1500-მდე ბავშვი დაიბადა, როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, 2000-ზე მეტი ახალშობილი დაფიქსირდა.

„2000 წლის შემდეგ შობადობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. პარლამენტის მიერ მიღებული აბორტების აკრძალვის კანონის მიზანი იყო, რომ შობადობა მომატებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. კანონმა კარგი ვერაფერი მოგვიტანა, პირიქით, ამ აკრძალვის გამო 2016 წელს ორი ქალის გარდაცვალება მივიღეთ,”- ამბობს რიტა ტრაპში.