სოხუმის სანაპირო. (DFWatch.)

სოხუმში, კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა კადრების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ DFWatch-ს ქართველმა კარდიოლოგმა განუცხადა, რომელიც თანახმა იყო სოხუმში სამუშაოდ გადასულიყო.

„კარდიოლოგიური კლინიკის გახსნა იგეგმებოდა. ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ იყო ამის ინიციატორი, თუმცა პროცესში უშუალოდ ვიყავი ჩართული. ჯერ გვთხოვეს აფხაზეთიდან გადმოგვეყვანა კადრები და გადაგვემზადებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან კვალიფიციური კადრი ვერ მოიძებნა. მერე შემოგვთავაზეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები მოგვემზადებინა, ვერც ეს ვერ მოხერხდა. საბოლოოდ კი შემოგვთავაზეს სოხუმში სამუშაოდ წასვლა და გვარების შეცვლა. პირადად მე პროფესიული ინტერესი მქონდა და თანახმა ვიყავი წასვლაზე, თუმცა რუსეთმა უარი თქვა ქართველ კადრებზე, ამიტომაც ჩაიშალა“, – განუცხადა DFWatch-ს კარდიოლოგმა, რომელიც საუბარზე ანონიმურობის პირობით დათანხმდა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი აფხაზი გადმოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ და სრულიად უფასოდ იღებს საკმაოდ ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას.

გალელები მიიჩნევენ, რომ კლინიკის გახსნა, თუნდაც სოხუმში, მათთვისაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნებოდა, რადგან ადგილზე მკურნალობას ვერ ახერხებენ.

„რამდენიმე დღის წინ დედამ ინფაქტი მიიღო. რა თქმა უნდა, პირველადი დახმარების გასაწევად გალში წავიყვანეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ვერ აიღებდნენ პასუხიმგებლობას და თავიანთი ტრანსპორტით გადმოგვაყვანინეს „საზღვარზე“. მსგავსი კლინიკა რომ სოხუმში ყოფილიყო, თანაც შესაბამისი კადრებით, ძალიან ბევრი პირდაპირ სოხუმში წავიდოდა და იქ იმკურნალებდა. თავად აფხაზებიც კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან სამკურნალოდ. ცოტა უფრო შეძლებულები კი პირდაპირ რუსეთში მიდიან,“ – უთხრა DFWatch-ს გალის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, 47 წლის მ.ბ.-მ.

რაც შეეხება აფხაზებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები 1 137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის  179 ბავშვი.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ 2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საქართველოს კლინიკებში სრული სამედიცინო მომსახურების გაწევას, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში მათ ტრანსპორტირებას.