sukhumiაფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება –  ამ საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდა, თავად კანონპროექტი კი მისმა ავტორმა, ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ახლა სახალხო კრების წევრია, უკან გაიწვია.

ამას წინ უძღოდა პროტესტი უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის დაკანონების წინააღმდეგ, რამაც ბოლო დღეებში კულმინაციას მიაღწია. სოხუმში ბევრ სჯერა, რომ შაბათს ოპოზიციონერი “დეპუტატის”, ალმას ჯაპუას ავტომანქანა სწორედ ამის გამო ააფეთქეს, მისი გაფრთხილების მიზნით,.

სამშაბათს სოხუმის ცენტრში ალმას ჯაპუას მიმართ სოლოდარობის გამოსახატავად  აქცია გაიმართა. ჯაპუა უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და დე ფაქტო პარლამენტს დაახლოებით ერთი კვირის წინ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხზე მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს.

დღეისათვის, აფხაზეთის “კონსტიტუციით” უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. ახალი კანონპროექტით კი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოწოდებით “დეპუტატების”, გიორგი აგრბასა და სერგეი შამბას მიერ იყო მომზადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყველანაირი უძრავი ქონების გაყიდვა ნებადართული ხდებოდა.

1992-93 წლების ომის შედეგად ქართველების მიერ იძულებით დატოვებული სახლები აფხაზებმა გადაინაწილეს. ბევრ მათგანს 2, 3 და მეტი სახლი და/ან ბინა აქვს მისაკუთრებული, თუმცა ამ ქონებით სარგებელს ვერ იღებენ.

სერგეი შამბას აზრით, მისი ინიციატივა აფხაზეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანდა. მიუხედავად იმისა, რომ შამბას კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება, ანუ მათთვის ქონების შეძენაზე აკრძალვა ძალაში რჩება, აფხაზეთში მისმა ინიციატივამ მაინც დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ბევრი აფხაზი, მათ შორის ადგილობრივი სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია,  შიშობს, რომ მიწისა და სახლების ყიდვის სურვილი და შესაძლებლობა მხოლოდ რუსებს აქვთ, რაც მცირერიცხოვან აფხაზ ეთნოსს დემოგრაფიულ საფრთხეს შეუქმნის.