first_baby_a_girl_born_at_Patriarchy_maternity_ward_2011-03-03საქართველოს ოჯახების 46 პროცენტი ისურვებდა, რომ გოგოს ნაცვლად ბიჭი ჰყოლოდათ (9 პროცენტს, პირიქით, გოგონა ურჩევნია), ხოლო ბევრი ქალი აღიარებს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი ერთხელ მაინც გაუკეთებია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის (UNFPA) ინფორმაციით, საქართველოში  სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლების პერიოდში დაახლოებით 25,000 გოგონა „გაქრა.“ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის 40,000-მდე გაიზრდება, 2050 წლისთვის კი – 80,000-მდე, წერს UNFPA.

როგორც წესი, ბევრ ოჯახში, მითუმეტეს იქ, სადაც მამაკაცი ოჯახის უფროსია, მიაჩნიათ, რომ ‘გვარის გამგრძელებლად’ აუცილებელია ერთი ბიჭი მაინც ჰყავდეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს, რატომ ისურვებნდენ ბიჭს და არა გოგოს.

UNFA-მ საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც ქვეყანაში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ეხება.

კველვის მიხედვით, 2008-2012 წლებში საქართველოში ახალშობილთა სქესის გადანაწილება იყო 112 ბიჭი 100 გოგონაზე იმ დროს, როცა გლობალური ბუნებრივი თანაფარდობა არის 105 ბიჭი 100 გოგოზე.

სიტუაცია ბოლო წლებში გამოსწორდა და ბუნებრივ თანაფარდობას მიუახლოვდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2014 წელს შეადგინა 107 ბიჭი 100 გოგოზე.

ავტორები ფიქრობენ, რომ საჭიროა გენდერული დისბალანსის მონიტორინგი დაბადებისას, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა ოჯახებსა და საზოგადოებაში.

კვლევა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.