sergeenkoსაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარასკევს „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ბევრი ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევს, პროგრამას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“„ და „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ გაჭირვებულებს და არა ყველას.

საგულიხმოა ისიც, რომ პროგრამის მიმართ შენიშვნები 15 აპრილს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც მისმა გუნდმა განახორციელა, თუმცა ის საჭიროებს კორექტირებას.

“ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა,” – თქვა პრემიერმა.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2 ეტაპად ამოქმედდა: 2013 წლის თებერვლიდან – ამბულატორიული ნაწილი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო იმავე წლის ივლისიდან – გეგმური ოპერაციები, მშობიარობა და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები ყოველწლიურად მაღალი ტემპით იზრდება. 2013 წელს პროგრამის დაფინანსებამ 70 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯამში 338 მლნ ლარი გაიხარჯა. 2015 წელს 470 მლნ ლარი გამოიყო, მაგრამ შემდეგ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო და წლის ბოლოს 573. 6 მლნ ლარი დაიხარჯა.  წელს გამოყოფილია 570 მლნ ლარი და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 6 თვეში გახარჯულია  331.7 მლნ ლარი.