Jemal Paksadze

ჯემალ პაქსაძე (DF Watch.)

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ერთის ნაცვლად ორი მუფთი ეყოლებათ. ეს გადაწყვეტილება 9 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელ კრებაზე მიიღეს.

ჯემალ პაქსაძე, რომელიც სრულიად საქართველოს მუფთი იყო, ამიერიდან დასავლეთ საქართველოს მუფთი იქნება, იასინ ალიევი კი აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი.

საქართველოს და აზერბაიჯანის სუნიტებს აქამდე ერთი მუფთი ჰყავდათ, მაგრამ ჯემალ პაქსაძე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოს სამუფთო ამიერიდან ქართველ მუსლიმთა პრობლემებს გადაწვეტს, რომლებიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ.

„მე ღია კენჭისყრის შედეგად ამირჩიეს 19 ხმით. მე ვარ ქართველი სუნიტების მუფთი,“ ამბობს პაქსაძე და განმარტავს, რომ დასავლეთის სამუფთოს პასუხისმგებლობის ქვეშ იქნებიან ის მუსლიმებიც, რომლებიც თბილისში, კახეთსა და წალკაში ცხოვრობენ.

მისი თქმით, ცვლილებები აზერბაიჯანელ მუსლიმებს შეეხოთ, რადგანაც შიიტთა ხელმძღვანელი გადადგა. აირჩიეს ახალი შეიხი, იასინ ალიევი კი სუნიტთა მუფთი იქნება.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ, მისი აზრით, სამუფთოს გაყოფის მიზეზი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არაკოპეტენტურობაა. ამიტომაც აზერბაიჯანელმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს, გამოჰყოფოდნენ სამმართველოს, რადგანაც არ ენდობიან მას.

მისი თქმით, 2011 წელს მთავრობამ გაითვალისწინა მუსლიმთა მოთხოვნა და დაარსა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“, თუმცა მის ხელმძღვანელებად უცნობი ადამიანები დანიშნა. ეს ადამიანები არ დადიან მეჩეთში და თავს მუსლიმებად არ მიიჩნევენ.

„გამოდის, რომ სახელმწიფო ვერ ენდობა მუსლიმ თემს და ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ადამიანებს დააფუძნებინოს ორგანიზაცია, რომ შემდეგ აკონტროლოს”, – აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სამმართველომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს იმას, რასაც წინა მთავრობა აკეთებდა.

„ამჯერად, ახლადდანიშნული პირი ერთ-ერთი ჩვენგანია. ამით სიყალბეს ჭეშმარიტების სამოსი ჩააცვეს, პრობლემა საფუძვლიანად არ მოაგვარეს და კვლავ შეცდომა დაუშვეს,“ წერია განცხადებაში, „ახალმა მთავრობამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის პერიოდში უკმაყოფილება იყო როგორც რელიგიური ხელმძღვანელის ვინაობაზე, ასევე იმ პირთა მიმართ, ვინც სამმართველოს დამფუძნებლად ითვლებოდა. სახელმწიფო მოხელეების მხრიდან დაფუძნებულ სამმართველოში მუსლიმებისთვის ხელმძღვანელის დანიშვნას ვაპროტესტებთ და მიუღებლად მიგვაჩნია.“