sinod

(patriarchate.ge)

წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ეკლესიების მღვდელმთვარებიმიერ ოთხშაბათს, 25 მაისს ჩატარდა,  განსახილველი თემა 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელ ეკლესიათაწმინდა და დიდ კრებაზეგასატანი დოკუმენტები  იყო და, როგორც სხდომის ოქმიდან გამოჩნდა, საქართველოს ეკლესია კრებაზე გასატანი 6 დოკუმენტიდან 2-ზე ისევ განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ „წმინდა და დიდ კრებაზე“ გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ და ამდენად, თუ ერთი ეკლესია მაინც წავა რომელიმე დოკუმენტის წინააღმდეგ, საკითხი დაიბლოკება. წმინდა კრებაზე სულ 6 დოკუმენტი გადის და გადაწყვეტილება 14-მა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს.

წმინდა სინოდის სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  თავმჯდომარეობდა. ოქმი გვიან ღამით გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს სოფელ ხურჩაში მოკლული აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ოთხოზორიას ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე წმინდა სინოდი მწუხარებას გამოითქვას სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ და ყველა პოლიტიკურ ძალას  სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამის შემდეგ კი წმინდა კრებაზე გასატანი დოკუმენტების განხილვა მოეწყო. წმინდა სინოდის ოქმის მიხედვით,  საქართველოს ეკლესიას ანსხვავებული მოსაზრებები აქვს ორ დოკუმენტზე:  „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”.

წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ დოკუმენტის „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” ტექსტის ორი ადგილი უნდა შეიცვალოს.

პირველი მიუღებელი ქვეთავი ეხება ერთნაირსქესიანთა კავშირს. დოკუმენტში წერია: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”.

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ ეს აბზაცი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიანების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”.

მეორე მიუღებელი საკითხი არამართლმადიდებელთან ქორწინებას ეხება. დოკუმენტში წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება. თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

სინოდის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არა მართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება. ხოლო მეორე ნაწილი, უნდა იქნას ამოღებული.

მეორე დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” უნდა შევიდეს სამი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დოკუმენტის გამო დაიწყო ურთიერთბრალდება და დიდი დაპირისპირება საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიდ პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისს შორის, რადგანაც საქართველოს პატრიარქმა ამ დოკუმენტს იანვარში ხელი მოაწერა, წმინდა სინოდის წინა სხდომაზე კი მღვდელმთავრებმა დოკუმენტი დაიწუნეს.

სამი ცვლილებიდან, რომლის შეტანასაც საქართველოს ეკლესია ითხოვს, ერთი ძირითად ქვესათაურს ეხება. ქვესათაური ასეთია –  „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად” და ქართული მხარე ითხოვს  ამოღებული იყოს ფრაზა, – „ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის”, – რადგან იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა.

წმინდა სინოდის ამ კრებაზე კიდევ ერთი საკითხის შესახებ დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებები. აღინიშნა, რომ დოკუმენტი – „ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი”,  შეიცავს ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. თუ ამ სახის ცვლილება არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.

ბოლოს, წმინდა სინოდმა განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცის შემადგენლობაც, რომელიც კუნძულ კრეტაზე წავა. 30 სასულიერო პირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უხელმძღვანელებს.