patriarchate

ქართული ეკლესიის დელეგაცია წმინდა კრებაზე დასწრებას არ აპირებს (patriarchate.ge)

მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ და წმინდა კრებაზე, რომელიც 16 ივნისს კუნძულ კრეტაზე იხსნება, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია არ მიდის. ამჟამად, კრეტაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნაზე, ოფიციალურად, უარს ამბობენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, კრება მაინც შედგება და მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ამასთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც დელეგაციის წევრი უნდა ყოფილიყო, ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ეკლესიის სწავლებას არ შეეწინააღმდეგება.

„იცით, რომ ჩვენ კრებისთვის შენიშვნები მოვამზადეთ და თუ კრებაზე მიუღებელი საკითხები იქნება, მას არ მივიღებთ…  წინასწარ ეს რას გამოიწვევს, ამაზე საუბარი უპრიანი არ არის. ჯერ არ ვიცით, რას მიიღებენ. დაველოდოთ, მათ გადაწყვეტილებას და მერე ვისაუბროთ“, – ამბობს  მეუფე შიო.

13 ივნისს დაგეგმილია რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაც, სადაც დიდი ალბათობით კრეტაზე წაუსვლელობის გადაწყვეტილება გამოცხადდება, რადგანაც 10 ივნისს მოსკოვის საპატრიარქომ კრეტადან გაიწვია ვიზიტის მოსამზადებლად გაგზავნილი სასულიერო პირი.

„ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია“, – ამის შესახებ 13 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, თუმცა, პატრიარქმა აღნიშნა ის, უმთავრესია მაინც ისაა, რომ „ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე, მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში“.

პატრიარქის ამ განცხადებამდე კი კრეტაზე წაუსვლელობაზე გადაწყვეტილება პარასკევს, 10 ივნისს საგანგებოდ შეკრებილმა წმინდა სინოდმა მიიღო.

„ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მართლმადიდებელი სამყარო 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე დიდ და წმინდა კრებას პირველად ატარებს, სადაც წინასწარი გეგმით, მონაწილეობა 14-ვე ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა მიეღო და ამ შეკრებით მსოფლიოსათვის მართლმადიდებლების ერთობის ჩვენება უნდა მომხდარიყო. კრების ინიციატორი კონსტანტინოპოლის, იგივე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსია.

კრებაზე გადის 6 დოკუმენტი, გადაწყვეტილების მიღება კონსესუსით, ანუ ყველას თანხმობით უნდა მოხდეს.

საქართველოს ეკლესიის მიერ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი ორი საკითხი – “ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს. წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, რომლიც 25 მაისს ჩატარდა, დეტალურად მითითებულია, რის შეცვლას ითხოვს საპატრიარქო.

საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ ისინი კრებაში მონაწილეობას მიიღებდნენ, მაგრამ თუკი დოკუმენტები არ შესწორდებოდა, მას ხელს არ მოაწერდნენ.

ცნობისათვის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საქართველოს მხარე  ეწინააღმდეგება, არამართლმადიდებელ ქრისტიანთან ქორწინებას ეხება. საქართველოს ეკლესია წინააღმდეგია გამონაკლისის სახით დაიშვას ასეთი ქორწინება იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში.

კრებაში სულ 14 ავტოკეფალურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა: კონსტანტინოპოლის; ალექსანდრიის; ანტიოქიის; იერუსალიმის; რუსეთის; საქართველოს; სერბეთის; რუმინეთის; ბულგარეთის; კვიპროსის; საბერძნეთის; ალბანეთის; პოლონეთის და ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის. მე-15 არის ამერიკის ეკლესია, რომელსაც ბევრი არ აღიარებს ავტოკეფალურად და ამიტომაც მიწვეული არ ყოფილა.

ამათგან  ნაწილი მეტნაკლებად კონსტანტინოპოლის ე.წ ბანაკის წევრებად მიიჩნევიან, ნაწილი რუსეთის და საუბარია იმაზე, რომ რუსეთის საკუთარი მომხრე ეკლესიების ხელით ცდილობდა მთელი ეს დრო ამ კრების ჩაშლას, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოსდის კიდეც. თუ  ჩაშლა არა, მისი მნიშვნელობის გაუფასურება მაინც.