imediტელეკომპანიაიმედშიყველასთვის მოულოდნელად საინფორმაციო სამსახურის უფროსი  მაია თაბაგარი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ახალმა უფროსმა ჟურნალისტებთან პირველი თათბირი უკვე ჩაატარა.

„იმედის“ 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაც“ ამ ინფორმაცით დაიწყო.

„არხის ხელმძღვანელობის განცხადებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნანა ლეჟავა დაიკავებს. უკვე  ყოფილი ხელმძღვანელი მაია თაბაგარი კი გენერალური დირექტორის კონსულტაციის პოზიციაზე გადაინაცვლებს. ცვლილება დღეს გახდა ცნობილი და ფაქტი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი იყო, შესაბამისად გაჩნდა დამატებითი კითხვები, რაზეც იმედია,  საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები პასუხს მივიღებთ,“- განაცხადა „ქრონიკის“ წაყვანმა თეა სიჭინავამ.

ასევე „ფეისბუქში“ გავრცელდა “ქრონიკის” თანამშრომლების მიმართვა არხის გენდირექტორის გიორგი ბახტაძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძის მიმართ, სადაც წერია, რომ  ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად.

„მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია “იმედში”, – ნათქვამია ჟურნალისტების გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ხელმძღვანელობას ამ დრომდე საკადრო ცვლილებების მიზეზებზე განმარტებები არ გაუკეთებია. დაკავშირება ვერ მოხერხდა საინფორმაციო სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებთანაც.

გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ირაკლი რუხაძემ მიიღო, რომელიც არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ერთი კვირის წინ დაინიშნა და ეს მისი პირველი საკადრო გადაადგილებაა. რუხაძის გვარი ასევე ფიგურირებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ, როდესაც ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებს „მაესტროს“  15-15%-იანი წილების გამოსყიდვისთვის  ფული, დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი, სწორედ რუხაძემ ასესხა. ეს ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა და „მაესტროს“ ყოფილი გენდირექტორი მაია გადაბაძის პროტესტს მაშინ სწორედ ამ ფულის წარმომავლობა და რუხაძის აქტიურობა იწვევდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, საკადრო ცვლილების ორი სავარაუდო მიზეზი არსებობს: ერთ-ერთი ვერსიით, თაბაგარი „ქრონიკის“ ეთერში  სტრასბურგი სასამართლოს  გადაწვეტილების გაშუქებისას ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოიხსენიების გამო გაუშვეს.

მეორე სავარაუდო მიზეზი კი „იმედის“ სასამართლო პროცესს ეხება, სადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სასამართლოს ჩვენება მისცა, რაც ხელმძღავნელობას არ მოეწონა. თუმცა ჩვენების შინაარსი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ნანა ლეჟავა ამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტად მიიჩნევა. ის წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ში მუშაობდა. 2007 წლიდან გადავიდა ახლადშექნილ პოლიტიკურ პარტიაში “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, რომლის ლიდერი ექს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან 2006 წლის ნოემბრიდან კონფრონტაციაში იმყოფებოდა.  პოლიტიკიდან ლეჟავა მედიაში 2009 წლიდან დაბრუნდა. ის საგამოძიებო ტიპის გადაცემას სტუდია GNS-ის ფარგლებში ჯერ ტელეკომპანია „კავკასიის“, შემდეგ კი „მაესტროს“ ეთერში ამზადებდა. გადაცემას „კვირის რეპორტაჟი“ ერქვა და მაშინდელი ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა . ნანა ლეჟავას სტუდიამ „მაესტროსთან“ თანამშრომლობა 2013 წლიდან შეწყვიტა. 2015 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იმედში“ მას  პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანობა შესთავაზეს, მას შემდეგ რაც ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ მოულოდნელად დაიხურა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია ლეჟავამ არ დაადასტურა.