repeat elections 2012-10-14საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძის ორკვირიანი ბრალდებების შემდეგ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააყალბა, პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, თოფაძის ბრალდებებზე დაინტერესება პროკურატურას  ა/ო „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მოსთხოვა.

„კონკრეტული პირი საუბრობს სს დანაშაულზე. ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩვეულებრივი პირი, გოგი თოფაძე პარლამენტის წევრი და ფრაქციის თავმჯდომარეა, რომელიც კონკრეტულ სს დანაშაულზე საუბრობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კომპეტენტურმა ორგანომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სს დანაშაული თუ ადგილი აქვს ცილისწამებას, პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს,“ – განაცხადა გიგაურმა.

ამ მიმართვიდან მეორე დღესვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე განცხადება გაავრცელა.

გამოძიება სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელის განცხადებით „ეს არის ხელისუფლების პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ეს არის ბინძური მეთოდები და მოვუწოდებ პროკურატურას, ფორსირებულად წარმართოს გამოძიება, რომ არ დარჩეს კითხვები“.

11 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, 2015 წლის ოქტომბერში, საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას „უკანონობა ჩაიდინა“, ამისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა და გამოძიება ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს.

საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი  თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა გაიმარჯვა. მისი კონკურენტი „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი იყო. ინაშვილმა სამხედრო სპეცუბნის ხარჯზე კოალიცია „ქართული ოცნება” და რესპუბლიკური პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ანალოგიური ბრალდებით „რესპუბლიკელების” მისამართით ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძეც გამოვიდა. მან რამდენიმე მედიასაშუალებაში განაცხადა, რომ მას შესაბამისი დოკუმენტებიც აქვს და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. მისი ეს განცხადებები გახდა მასა და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირების მიზეზიც.

პარლამენტის ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა თოფაძე მიზანმიმართულ ანტიდასავლურ შეტევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრორუსული ძალის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი პარლამენტში არის თოფაძე, რომელმაც ორკესტრირებული კამპანია დაიწყო თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც ევროატლანტიკური მიმართულებით ყველაზე აქტიური მინისტრია და ეს კოალიციას აზიანებს. ბერძენიშვილმა თოფაძის ანტიდასავლურობის ილუსტრაციისათვის მისი ადრინდელი განცხადებებიც გაიხსენა იმაზე, რომ ნატო აგრესიული ბლოკია, საქართველო ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს და სტალინის პორტრეტები კაბინეტებში უნდა დაიკიდონ.