prosecutors_office_Cropრეფორმა, რომელიც პროკურატურის სრულ დეპოლიტაზიციას ვერ უზრუნველყოფს, – ასე შეაფასა ვენეციის კომისიამ, ეუთომ და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლითაც პროკურატურის რეფორმაა დაანონსებული.

კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი განხილვა სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მოხდება. განხილვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იუსტიციის მინისტრისთვის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობის უფლების მინიჭებაა.

რეფორმის არსი იმაში მდგომარეობს,  რომ პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი  საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე.

კონსტიტუციით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.  იმის გამო, რომ კონსტიტუციის შეცვლა გართულებული პროცედურაა და  მმართველ გუნდს პარლამენტში ამისთვის საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება არ შეუძლია, იუსტიციის სამინისტროში, სადაც ეს პროექტი მომზადდა, ითქვა,  რომ აღნიშნული პრინციპი ამ პრობლემას მოაგვარებდა.

პროექტის თანამად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ იუსტიციის მინისტრი − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი 2 წევრი და მათაც წარდგენილი კანდიდატებიდან პარლამენტი უმრავლესობით აირჩევს და პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 4 წევრი.

საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. თუმცა საბჭო საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არ ჩაერევა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს  იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლება მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ის  სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს ან იქნება დისციპლინარული გადაცდომის მძიმე შემთხვევა. თუმცა, ამის შესახებ დასკვნა საგანგებოდ დანიშნულმა პროკურორმა უნდა მოამზადოს და საბჭოს  წარუდგინოს.

თუკი საბჭო 2/3-ით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.

პროკურატურა, რომელიც დღეს მთავარი საგამოძიებო ორგანოა, ძველი ხელისუფლების დროსაც და განსაკუთრებით ახლა მუდმივად კრიტიკის საგანია იმ მიზეზის გამო, რომ  პროკურატურის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში ისეთ კითხვება აჩენს, რაც სახელისუფლებო ინტერესზე მიუთითებს. იგივე  ყოფილი  ხელისუფლების მაღალჩინოსნების  საქმეებთან  დაკავშირებით დღემდე კითხვები არსებობს.

პროკურატურის მუშაობის სტილი კრიტიკის საგანი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, მათ შორის იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია. “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო,  რომ ამ სტრუქტურის რეფორმირება მოხდებოდა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მთავარი პროკურორს, რომელიც ამ უწყების ხელმძღვანელია,  პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. ეს პრინციპი კი მუდმივად დავის საგანია, რადგან ითვლება, რომ ამის გამო, პროკურორი შეიძლება მმართველი ძალისა და პირადად პრემიერის ინტერესების გამტარებელი იყოს.

ხელისუფლების განცხადებით,  ეს ინიციატივა სწორედ პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად შემუშავდა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა ამ მიზანს არ პასუხობს.

ამ რეკომენდაციების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ წარდგენილ ინიციატივაში იუსტიციის მინისტრის როლი  შემცირდება.  კონკრეტულად რა მოდელი იქნება წარმოდგენელი, ამაზე საუბარს ის ჟურნალისტებს კვირის ბოლოს ჰპირდება.

საპარლამენტო ოპოზიცია  ამ კანონპროექტს “ფორმალურ ცვლილებას” უწოდებს და აცხადებენ, რომ “რეალურად ეს უწყება ამ ცვლილებებითაც რჩება პოლიტიზირებული”.

მთავრობის ინიციატივაზე არაერთი შენიშვნა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც.