პენსიები ის თემაა, რაზეც დაპირებებსაც წინასაარჩევნოდ  პოლიტიკური პარტიები ყველაზე მსუყედ გასცემენ. მათი უმეტესობა  პენსიის მომატების პირობას დებს. ზოგიერთი, უფრო თამამი პარტია, ხალხს ამის გაკეთებას 2016-2017 წლებშივე ჰპირდება.

ზოგიერთი პარტია კი პენსიის გაზრდაზე არ საუბრობს და მხოლოდ სისტემის რეფორმას მიიჩნევს საჭიროდ. მათი უმეტესობა დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გეგმავს, თუმცა ვადასთან და დეტალებთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობს.

„ქართული ოცნებ

Georgian Dream

(Facebook)

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პროგრამაში აღნიშნულ თემას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია. იგი ერთ-ერთი იმ მცირე პარტიათაგანია, რომელიც მოსახლეობას პენსიის გაზრდას არ პირდება. პარტია საპენსიო რეფორმის გატარებას აპირებს, რომლის მიზანიც კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაა. აღნიშნულია, რომ კერძო საპენსიო სისტემა მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს  შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.

გარდა ამისა, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ  კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას ნიშნავს, მათი აზრით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

ეს ყველაფერი კი, მათი გათვლით, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის გამონთავისუფლებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს, 10-15 ათასი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება. ამაზე პროგრამაში მეტი არაფერია ნათქვამი და მათ გეგმებთან დაკავშირებით მეტი დეტალის გაგება შეუძლებელი ხდება.

„ნაციონალური მოძრაობა“

unm

(Facebook)

„ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია 50 ლარით, 230 ლარამდე გაიზრდება. ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შშმბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შშმ პირთა პენსიაც.

თუმცა, პროგრამაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ საიდან მოიძიებს პარტია ამისათვის საჭირო თანხებს და რა ტიპის ეკონომიკურ გათვლებზე დაყრდობით მიიჩნევენ, რომ ამგვარი ზრდა რეალურია.

რესპუბლიკური პარტია

republican

(Facebook)

რესპუბლიკური პარტია სახელმწიფო პენსიებისა და შემწეობების გაცემის არსებული წესიდან თანამედროვე საპენსიო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას მიიჩნევს აუცილებლად.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა ხელისუფლებამ საპენსიო სისტემა საბიუჯეტო დახმარების სახედ აქცია, ეს სისტემა 2012 წლის შემდეგაც დარჩა და არ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნის მიმართულებით, როგორიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია.

პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით რეფორმის დაწყება და ამ საბიუჯეტო ტვირთისგან თანდათან გათავისუფლება. ამ მიზნით კი, მათი აზრით, მოსახლეობა 3 კატეგორიად უნდა დაიყოს: 1)  საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, რომელთათვისაც პენსიის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი წარსული შრომითი საქმიანობა (სტაჟი) და სხვა მახასიათებლები. 2. ადამიანები, რომლებიც ახლო მომავალში შევლენ საპენსიო ასაკში. 3. ახალგაზრდები, რომლებიც შორეულ მომავალში მიაღწევენ საპენსიო ასაკს და რომლებიც რეფორმის დაწყებისთანავე ჩაერთვებიან სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სისტემაში, თავიანთი შემოსავლებიდან ანარიცხებით მოახდენენ დაგროვებითი პენსიისათვის კაპიტალის აკუმულირებას ფონდში.

ეროვნული ფორუმი

forum

(Facebook)

საპენსიო სისტემის რეფორმირებას გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ფორუმიც გეგმავს. პარტიას მიაჩნია, რომ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა, როდესაც მოქალაქეები თავისი შრომისუნარიანი ასაკის განმავლობაში სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილეობით თვითონვე ქმნიან სიბერის მიღწევისას მათთვის საჭირო საპენსიო ფონდს, უფრო მეტად სამართლიანი და ეკონომიკურად გამართლებული მექანიზმია.

პარალელურად კი შესაძლებელია არსებობდეს ნებაყოფლობითი, კერძო საპენსიო სადაზღვევო სქემები, რომლებშიც მოქალაქეები თავისი პირადი ნებაყოფლობითი შენატანებით უზრუნველყოფენ სიბერის მიღწევისას მათთვის ინდივიდუალურ დამატებით საპენსიო პაკეტს.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საოჯახო პენსიის შემოღებას მიიჩნევს აუცილებლად. პარტია გეგმავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ოჯახი, როგორც სამთავრობო დახმარების მიმღები ერთეული, მიიღებს საოჯახო პენსიას; ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში კი საოჯახო პენსიის საკუთარ წილს მიიღებენ ინდივიდუალურად.

მათი ხედვის მიხედვით ყველაზე გაჭირვებული ოჯახები, რომლებშიც მილიონ ადამიანამდე ცხოვრობს, წელიწადში დაახლოებით, 4,500-ლარიან საოჯახო პენსიას მიიღებენ; ნაკლებ გაჭირვებულები (მილიონი ადამიანი) – 3500-ლარიან საოჯახო პენსიას; საშუალო და ნაწილობრივ შეძლებული ფენის წარმომადგენელი (მილიონი ადამიანი) კი დაახლოებით, 2500-ლარიან საოჯახო პენსიას.

ხოლო შეძლებულ და მდიდარ ოჯახებში მცხოვრები მილიონამდე ადამიანი საგადასახადო შეღავათის სახით მიიღებს დაახლოებით 7000 ლარზე მეტ საგადასახადო შეღავათს წელიწადში, მაგრამ არც ერთ თეთრს სახელმწიფო დახმარების სახით.

თუმცა, ამ ნაწილშიც, ისევე როგორც მთლიანად პროგრამაში პარტია მოკლე მესიჯების გარდა არაფერს გვთავაზობს. არაა მიმოხილური თუ როგორ უნდა დაითანხმონ შეძლებლი ოჯახები გაჭირვებულების დახმარებაზე, როგორ უნდა განისაზღვროს შეძლებული და გაჭირვებული ოჯახის სტატუსი და ა.შ. შესაბამისად, მთლიანობაში პროგრამა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს.

„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“

paata

(Facebook)

კითხვებს განსაკუთრებით ის ფაქტი აჩენს, რომ როგორც ცნობილია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩთან“, ვაშაძის პარტიასთან და „ახლებთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა. ამ დროს, ბურჭულაძის პარტიას საკუთარი პროგრამა აქვს, სადაც საპენსიო სისტემის მიმართ განსხვავებული პოზიციაა დაფიქსირებული.

მაგალითად,  პარტია პირობას დებს, რომ პენსია 250 ლარი გახდება არჩევნებში მათი გამარჯვებისთანავე, თუმცა ეს პირობა არგუმენტებით ჯერ-ჯერობით არ გაუმყარებიათ და არც ის განუმართავთ, თუ რომელი პარტიის პროგრამას დასჯერდება კოალიცია და რომელი მათგანის ხედვას გაიზიარებს.

ლეიბორისტული პარტი

shalvaai

(Facebook)

საკმაოდ ბუნდოვანია პენსიებთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ხედვაც. მათ საარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა სხვადასხვა სატეევიზიო გადაცემაში პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უკვე ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ქალები პენსიაზე 55 წლის ასაკში გავლენ,  მამაკაცები კი – 60 წლის ასაკში. ამ სიახლისათვის საჭირო სახსრებზე საუბრისას კი  მისი არგუმენტი საკმაოდ ზოგადია – „ჩვენი ბიუჯეტი იმდენ ჯიპებს, იმდენ შტატებს, იმდენ „ფეშენ“ ღონისძიებებს უძლებს, რომ ამ თანხებით ნახევარი რუსეთის პენსიონერებსაც დააკმაყოფილებს, არათუ ჩვენ პაპებსა და ბებიებს“.

თუმცა, ამავდროულად, იმავე გადაცემაში  პარტიის ლიდერი კატეგორიულად აცხადებს, რომ ყოველგვარი დაპირება პენსიების მატებასთან დაკავშირებით ტყუილია, რადგან ამის საშუალება საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია. ამბობს, რომ პენსიების მატების შემთხვევაში პედაგოგები, დამლაგებლები, ოფიცრები და სხვა დასაქმებული ადამიანები უხელფასოდ დარჩებიან. თუმცა, მათი  პროგრამა პენსიონერთა მიმართ „აბსოლუტურად რეალურია“.

„თავისუფალი დემოკრატები“

demokrati

(Facebook)

პენსიებთან დაკავშირებით დაპირებებში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებია“.  ისინი ამომრჩეველს 300-ლარიან პენსიას ჰპირდებიან.

პარტიის გეგმებით, „თავისუფალი დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში საარსებო მინიმუმი 250, პენსია – 300, ხელფასი კი  საათში მინიმუმ 3 ლარი გახდება.

პროგრამის ეკონომიკური და სოციალური ნაწილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ონოფრიშვილის მიერაა შემუშავებული. იგი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის მიღწევა და გარდა ამისა, ბიუჯეტის 4 მილიარდით გაზრდა „სერიოზული მუშაობით“ შესაძლებელია.

თუმცა, პარტიას ამ დომდე არ წარმოუდგენია გათვლები, რომელსაც აღნიშნული დაპირებები ემყარება. მათგან არ მოგვისმენია საკითხების მეტი კონკრეტიკა და მოსახლეობისთვის არ გაუცნიათ დეტალები, თუ რის ხარჯზე დებენ საკმაოდ თამამ დაპირებებს.