burjanadze-nino_cropped

“ყირიმი რუსეთის ნაწილია” – ნინო ბურჯანაძე (IPN)

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და უკრაინას არასოდეს არ დაუბრუნდება.

ბურჯანაძე გუშინ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის – სახელმწიფო დუმის – სპიკერს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა, რომელიც ევროკავშირის “შავ სიაშია” შეყვანილი და ახლახან ფინეთში არ შეუშვეს.

როგორც რუსეთის დუმის ვებგვერდზე განთვსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნარიშკინმა და ბურჯანაძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგის საკითხები განიხილეს.

საიტის ცნობით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში სწორედ დუმის მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მუშაობაში “21-ე საუკუნის აქტუალური საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემები”.

ბურჯანაძის შეხვედრების შესახებ მის პარტიაში ჯერჯერობით განმარტებები არ კეთდება და ინფორმაცია მხოლოდ მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ გავრცელდა.

ბურჯანაძემ ინტერვიუ რუსულ მედიასაშუალებებს მისცა, სადაც საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავრობები გაკრიტიკა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაიწუნა.

„საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა  ეს არ ნიშნავს,  რომ აუცილებლად საჭიროა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა ,“ – ეს კომენტარი “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ტელეკომპანია “ენტევესთან” ინტერვიუში გააკეთა.

“ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო-ში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის  საქართველოს ინტერესებში”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამბობს, რომ მოსკოვში შეხვდა პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არიან. თუმცა, საქართველოს მთავრობა კვლავ აშშ-ზეა დამოკიდებული.

“თუ ჩვენი წარმომადგენლები მოისურვებენ გამოთქვან ისეთი მზადყოფნა, როგორიც მე დღეს დავინახე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას მე სიამოვნებით შევუწყობ ხელს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

“ენტევესთან” ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ ქართველი ხალხის განწყობა იცვლება და თანდათან უფრო მეტი ქართველი აღარ მიიჩნევს რუსეთს მტრად.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და სააკაშვილზეც საუბრობს. “ვწუხვარ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამო, ვინაიდან ვიცი სააკაშვილის და მისი რეფორმების ნამდვილი ფასი. მეორე მხრივ, მე, ისევე როგორც ბევრი საქართველოში, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ უკრაინის მთავრობისგან, რომელმაც ამ დანიშვნებით უბრალოდ სილა გააწნა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. სააკაშვილი ბრალდებულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. მსგავსი ადამიანების იმ მთავრობაში დანიშვნა, რომელსაც საქართველო მეგობრად მიიჩნევს, შეურაცხყოფა და აღმაშფოთებელია”, – ამბობს ბურჯანაძე რუსულ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნა აშშ-ის პროექტს უკავშირდება: “ეს მარტივი პროექტია, რომელიც უკრაინაში ახლა ხორციელდება. აშშ-ში კონკრეტულმა წრეებმა განახორციელეს პროექტი საქართველოში, რომლის მონაწილეებიც საააკაშვილი და მისი გუნდი იყო. ახლა იგივე გუნდი იგივე პროექტს უკრაინაში ახორციელებს,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომელიც “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა კი საქართველოში ყველაზე პრორუსულ პოლიტიკოსად ითვლება, მას შემდეგ, რაც ის 2010 წელს მოსკოვში ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძემ მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 10.2% აიღო.