Salome Samadashviliნაციონალურმა მოძრაობამსაარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტების პრეზენტაცია სამშაბათს, 19 ივლისს გამართა და ერთერთ უმთავრეს საკითხად ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია დაასახელა და ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უახლოეს წლებში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებენ.  

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეს არის ბოლო გაჩერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში, ჩვენ სურვილი გვაქვს უკვე რამოდენიმე წელიწადში გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ამავე დროს დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროპასთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, რაც ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და ევროპას შორის ბევრად უფრო სრული ინტეგრაციის პროცესის დასრულებას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფების დროს ევროკავშირთან საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის მთლიანი პროგრამის პრეზენტაციას ყრილობაზე გეგმავს, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება.

აპირებს თუ არა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას მმართველი „ქართულ ოცნება“ და რა პრიორიტეტები აქვს საგარეო მიმართულებით, პარტიის პრეს-სამსახურში DFWatch-ს განუცხადეს, რომ „ოცნებას“ პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ ჰქონია, ის უახლოეს მომავალში იგეგმება და მაშინ გაცხადდება მათი მთავარი გზავნილები და გეგმები საშინაო და საგარეო კუთხით.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ განაცხადს პოპულისტურს უწოდებენ.

„ევროკავშირის წევრობას თავის მოთხოვნები და თავისი საფეხურები აქვს და ასე განაცხადის შეტანა არ ხდება. რატომ თავად არ შეიტანეს, ხომ იყვნენ 9 წელიწადი ხელისუფლებაში?“ – კითხულობს მაღრაძე.

აღსანიშნავია, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით პირველი ნაბიჯები 1996 წელს გადაიდგა. 2006 წელს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) კონტექსტში შემუშავებულ იქნა ხუთწლიანი „სამოქმედო გეგმა“. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება. 2016 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება არ ამოქმედებულა.

ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირის გაფართოების მომავალი კანდიდატის არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს, მაგრამ 2011 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომის სურვილი.

2014 წლის 23-25 მაისს გამართულ ევროპარლამენტის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ „ევროკავშირის შეთანხმების 49-ე სტატიის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და უმცირესობების უფლებების პატივისცემა, და კანონის მმართველობის უზრუნველყოფა.