აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. 1 ივნისი (რადიო თავისუფლების ფოტო)

საქართველოს მოსახლეობის 6,3% – 233 000 ადამიანი – ეთნიკური აზერბაიჯანელია. ეს ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებს შორის, თუმცა მათი ხმა აქ ყველაზე ნაკლებად ისმის. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობიან. მეტიც: მათ ხელისუფლების  ეშინიათ.

ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ქვემო ქართლში – გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობს. აქ მათ ისეთივე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ, როგორიც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. უჭირთ მოსავლის რეალიზაცია, სამუშაოს შოვნა… მათ ყოველდღიურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ისინი  ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ ახერხებენ.

რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა ქვეყნის ოფიციალური, სახელმწიფო ენა – ქართული – არ იცის. ქართული ენის უცოდინრობის გამო ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობენ, რის გამოც თავს გარიყულად გრძნობენ.

ქართული მედიაც აზერბაიჯანლების ყოველდღიურობას, ყოფას და საჭიროებებს იშვიათად აშუქებს. თვითონ აზერბაიჯანელებიც გაურბიან საკუთარ პრობლემებზე მედიასთან ღია საუბარს. ამბობენ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს და სახელმწიფო მათი პრობლემების მიმართ გულგრილია.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მათ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არ უნდათ – მათ საქართველოს მთავრობის ეშინიათ. შიშის მიზეზი რომ ავხსნათ, ამისთვის რამდენიმე თვის წინ საქართველოში მომხდარი ერთი ხმაურიანი ამბავი უნდა გავიხსენოთ – თბილისში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და მისი აზერბაიჯანის მთავრობისთვის გადაცემა.

აფგან მუხთარლის, ისევე როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებ სხვა ბევრ ჟურნალისტს, მთავრობა სდევნიდა, რის გამოც ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და თავშესაფარი საქართველოში ეძებნა.

2017 წლის 29 მაისს კი ის თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. როგორც მუხთარლიმ თავის ადვოკატს უთხრა, საქართველოში ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს, შემდეგ კი აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს.

ეს ამბავი ძალიან რეზონანსული იყო და მას ბევრი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.ქართველმა ჟურნალისტებმაც არაერთი აქცია მოაწყეს და მთავრობისგან მუხთარლის გატაცების საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს. გამოძიება კი ისე წარიმართა, რომ მან მოსახლეობის ხელისუფლებისადმი ნდობა კიდევ უფრო შეარყია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებაზე, რომლებიც იმ ადგილებშია დამონტაჟებული, სადაც აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალ მუხთარლისა და მის თანხმლებ პირებს უნდა გაევლოთ. ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილი სათვალთვალო კამერის ვიდეო, სადაც სავარაუდოდ მუხთარლი უნდა ყოფილიყო ასახული, დაზიანებული აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ჟურნალისტის მოტაცებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მონაწილეობის ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა.

აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს საქართველოს ხელისუფლების უფრო მეტად ეშინიათ. ხელისუფლებისადმი შიში და უნდობლობა მათთან საუბარში ყველგან და ყოველთვის იგრძნობა.

ჩემთან, როგორც ჟურნალისტთან, ადამიანებს ღიად საუბარი რომ არ უნდოდათ, ამას აზერბაიჯანში მიჩვეული ვიყავი. საქართველოშიც თუ იგივე მდგომარეობა დამხვდებოდა, მართალი გითხრათ, არ ველოდი. არ მეგონა. რომ იმ ქვეყანაში, რომელიც კავკასიაში დემოკრატიის კუნძულად ითვლება, საკუთარი მთავრობის მიმართ ხალხს ასეთი შიში ექნებოდა. როცა ამ შიშის მიზეზის გარკვევას ვცდილობ, ხშირად მეუბნებიან, რომ ერთ “მშვენიერ დღეს” შავი ტომარა თავზე შეიძლება მათაც ჩამოაცვან და საკანში წაიყვანონ.

თუ საქართველოს ხელისუფლება მუხთარლის გატაცების საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებს და ყველა დამნაშავეს საკადრისად არ დასჯის, ეთნიკური აზერბაიჯანელების ნდობა ხელისუფლებისადმი კიდევ უფრო შესუსტდება.

ხაიალ აზიზოვი

სტატია/ბლოგი მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის/ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.