მარეკ დუდაევი სასამართლო დარბაზში. 2004 წ. (Imedinews.)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ არცევში 16 იანვარს მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი “ოსურ პოლიციას“ ჩაბარდა.

როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს იუწყება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა. მან აღიარა დუდაევის მკვლელობა და სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი წარუდგინა. ის ცხინვალის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დუდაევის მკვლელობამ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის ოსებში ცნობილი პიროვნება იყო და „გმირადაც“ კი მიიჩნეოდა.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში, გორში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს სასამართლომ მას 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სულ ციხეში 9 წელი დაჰყო. 2012 წელს მას ამნისტია შეეხო,რის შედეგადაც ოთხწლიანი ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მარეკ დუდაევის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ 16 იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გამოძების ინფორმაციით, დუდაევის მკვლელობაში სოფელ არცევის მკვიდრი, 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიმალა. მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერ უცნობია.