კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ 16 ოქტომბერს ძალაში დატოვა აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება 67 წლის ჩერქეზი უხუცესისა და აფხაზეთის „გმირად“ შერაცხული რუსლან გვაშევის 10 ათასი რუბლით დაჯარიმებაზე. 

16 ოქტომბრის სასამართლო სხდომა მხოლოდ 27 წუთი გაგრძელდა და მან ძალაში დატოვა გვაშევის 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს გადაწყვეტილება. სასამართლოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ გამოცხადებულა თავად გვაშევი. კრასნოდარში არ შეუშვეს მისი მხარდამჭერი კავკასიელების ჯგუფი, რომლებიც პროცესზე დასწრებას გეგმავდნენ.

(თავად გვაშევი ეთნიკურად შაფსუღია. შაფსუღები ადიღე ერთობის პატარა სუბ-ეთნოსია, რომელშიც ასევე შედიან საკუთრივ ადიღები, ჩერქეზები და ყაბარდოელები, თუმცა მათ ყველას ხშირად ზოგადად „ჩერქეზებად“ მოიხსენიებენ. უფრო ფართო თვალსაზრისით ამავე ერთობის ერთგვარ ნაწილად აღიქმებიან აფხაზებიც, რომელთა ენაც ჩერქეზულის მონათესავეა.)

ნალჩიკიდან კრასნოდარში დილით მიმავალი ჩერქეზების ჯგუფი რუსმა სამართალდამცველებმა ქალაქში შესვლამდე გააჩერეს, რამდენიმესაათიანი შემოწმების შემდეგ “მძღოლის უწესრიგობა” აღმოაჩინეს და მიკროავტობუსსა და აქტივისტებს კრასნოდარში შესვლის უფლება არ მისცეს. გვაშევის მხარდასაჭერად კი სასამართლოს წინ შეიკრიბა მხოლოდ მისი რამდენიმე მხარდამჭერი ჩერქეზი და გადაწყვეტილება გააპროტესტა.

რუსლან გვაშევი სასამართლომ 10 რუბლით დააჯარიმა 21 მაისს სოჭის მახლობლად პატარა სოფელ გოლოვინკაში 200 წლიანი ტიტას ხესთან სამგლოვიარო საჯარო ლოცვის გამო. ლოცვა მე-19 საუკუნეში რუსეთ-კავკასიის ომის დროს დაღუპული ჩერქეზების სულის მოსახსენებლად ტარდებოდა, რომელსაც ჩერქეზები ყოველი წლის 21 მაისს მართავენ. თუმცა წელს პირველად ეს ლოცვა რუსმა სამართალდამცველებმა დაშალეს. როგორც რუსული სასამართლო აცხადებს, ეს ლოცვა არასანქცირებული და ექსტრემისტული ხასიათის იყო.

ამ დაჯარიმების გამო გვაშევს შიმშილობაც ჰქონდა დაწყებული და მისი სარჩელის საბოლოო განხილვამდე და გამართლებამდე არც აპირებდა შეწყვეტას, მაგრამ კრასნოდარის სასამართლომ 5 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო 16 ოქტომბრამდე გადადო. გვაშევი კი შიმშილობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც 5 ოქტომბერს მან ჩერქეზი აქტივისტების დიდი თხოვნის გამო შიმშილობა 25-ე დღეს შეწყვიტა.