ინტერპოლი წითელი ცირკულარით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ძებნას წყვეტს. ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის დღევანდელი გუბერნატორის, მიხეილ  სააკაშვილის ძებნაზე კი უარს ამბობს.  

ამის შესახებ პარასკევს ინფორმაცია კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა გაავრცელა და თქვა, რომ ასეთი შინაარსის შეტყობინება ინტერპოლიდან მიიღო.

ამ დროისთვის კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან უკვე ამოღებულია.

როგორც კეზერაშვილის ადვოკატი განმარტავს, ინტერპოლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამჯერადაც ის გახდა, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება.

დაახლოებით ორი თვის წინ  ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან საქართველოს იუსტიციის  ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამოიღო. მიზეზად მაშინაც საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივი დასახელდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ადვოკატმა, ოთო კახიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ინტერპოლს სააკაშვილის წითელი ცირკულარით მოძებნა მოსთხოვა, რაზე უარი მიიღო.

დღის ბოლოს ამ ამბავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება  ამ ორგანიზაციის „მეთოდოლოგიის შეცვლამ“ განაპირობა.

“იანუკოვიჩს მოეხსნა ძებნა, ის ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან. ადრე უკვე ითქვა, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული.  ამიტომ ვერაფრით გაგახარებთ,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საგანგებო განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც, სადაც ნათქვამია, რომ  „ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.“

პროკურატურის განცხადებაში იგივე არგუმენტია დასახელებული სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

„მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე  მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა,” – ნათქვამია  განცხადებაში.

აქვე ისიც არის აღნიშნული, რომ  საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდებული.

2013 წლის ოქტომბერში ის საფრანგეთში დააკავეს. თუმცა, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს მის ექსტრადიციაზე უარი იმ არგუმენტით უთხრეს, რომ შესაძლოა, საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ჰქონოდა ადგილი.

რაც შეეხება სააკაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა და საქართველო დატოვა. სააკაშვილს ბრალდება წარდენილი აქვს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა; გირგვლიანის საქმე, რომელიც სააკაშვილის მმართველოის დროინდელ ერთ-ერთ  ყველაზე გახმაურებულ საქმეს წარმოადგენს, როდესაც მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც ასევე შსს-ს მაღალჩინოსნები იყვნენ, პირადი დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს.  2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევა, ჯარის უკანონოდ გამოყვანა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და  ამ ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება; საქართველოს პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა.

ცოტა ხნის წინ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ამოიღო.