sex_tape_III_screenshotინტერნეტში პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, ორი კვირის წინ დაანონსებული მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაუდგენელმა პირებმა ხუთშაბათს, რამდენიმე პირის ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს. ეს ვიდეოები „იუთუბზე“ იყო ატვირთული, თუმცა ამ დროისთვის დაბლოკილია.

კერძოდ, უკანონო ვიდეო ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიას“ ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ და მსახიობმა ბესო ზანგურმა ფეისბუქ-გვერდებზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზანგური  ვაკის პოლიციაში უკვე დაკითხეს. მაკა რაზმაძე და ბესო ზანგური უმალ პროკურატურაში დაიბარეს. იგივე სახი შეტყობინება, სულ მცირე, კიდევ ერთ პირმა, ჟურნალისტმა ირაკლი ყურაშვილმა მიიღო.

პროკურატურასთან დაკავშირება DFWatch-მა ჯერ ვერ შეძლო, თუმცა უწყებას ამ დრომდე მომხდარზე განცხადება არ გაუკეთებია.

მაკა რაზმაძის თქმით,  ვიდეო ხუთშაბათს დილის 6 საათზე, მის ფეისბუქ გვერდზე, საჯარო სივრცეში, თითქმის ყველა ფოტოსა თუ პოსტის კომენტარებში აიტვირთა.

„ეს ჩანაწერი ჩემს ფეისბუქ გვერდზე იმ პოლიტიკოსის სახელით დარეგისტრირებულმა ფეისბუქ მომხარებელმა ატვირთა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში. ფაქტია, რომ ორი ადამიანია დაკავებული, თუმცა ვიდეოები ინტერნეტში კვლავ იგივე ხელწერით ვრცელდება. ამ ვიდეოსაც ახლდა ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, ვისზეც მომავალი ჩანაწერები გავრცელდება,“ – აღნიშნა რაზმაძემ.

ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი დასახელებული პირი, ვისაც პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით ემუქრებიან, კვლავ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იყო. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავად ატვირთა ვიდეო-მასალის მინაწერი, სადაც ვიდეო-შანტაჟის ავტორი გრიგოლიას ტელევიზიიდან წასვლას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი ქალების ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში 11 და 14 მარტს გავრცელდა. 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოს თან ახლდა მინაწერი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, 31 მარტამდე პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელება გაგრძელდებოდა.

დაანონსდა რამდენიმე გვარიც, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც საჯაროდ, საკუთარი გადაცემაში უარი თქვა „მორალური ტერორის“ ავტორთა მოთხოვნების შესრულებაზე.