Bidzo techno cropped

(2030)

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი არჩევნებამდე არ დასრულდეს, ხოლო თუკი მაინც დასრულდება, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს ფინანსურ გარანტად დადგომას სთავაზობს, ოღონდარ შეეხონ გვარამიასა და მენეჯმენტს“.

ეს განცხადება ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ამავე ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა დროზე ადრე, ვიდრე არჩევნები და დასრულდა მათ (ხალვაში, დვალი) სასარგებლოდ, მე მათი ფინანსური გარანტი ვიქნები, ავუნაზღაურო ყოველგვარი დანაკარგი და არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს. საფასურად ჩემგან რაც უნდა ის მოითხოვონ, ოღონდ ეს სალაპარაკო არ დაგიტოვოთ თქვენ. „რუსთავი 2“ დღეს  ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ყველაზე საუკეთესო შედგი მიიღოს… პირიქით, ანტი შედეგი გექნებათ,“- განაცხადა ივანიშვილმა და ჟურნალისტს  უთხრა, რომ გამოაქვეყნებს იმ „სიცრუების ნუსხას“, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ითქვა და შემდეგ „რეაქციებს გააკეთებს“.

ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის სასამართლოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ძალიან ვრცლად ისაუბრა.

თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს უფლებებში არ ჩარეულა და არც ჩაერევა და „რუსთავი 2“ ამას უნდა შეეგუოს.

„თქვენგან გასხვავებით არ მყოფნის ასეთი სითავხედე, სასამართლოს მივანიშნო, როგორ რა უნდა დამთავრდეს,“- ამბობს ივანიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ სასამართლოს აკრიტიკებს.

„თქვენ დროს სასამართლო არ არსებობდა, დღეს სასამართლომ თვითაღდგენა დაიწყო. მოსამართლეები დამონებული გყავდათ, პროკურორი რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდნენ, ციხეები გატენილი გქონდათ, ართმევდით ვისაც გინდოდათ, ართმევდით რასაც გინდოდათ და აწამებდით ვისაც გინდოდათ. ასეთი პროცესი იყო და ამას აპრავებდა „რუსთავი 2“ და სხვა ტელევიზიები. კეთილი ინებეთ და სასამართლოს დაელოდეთ. ერთადერთი ინსტანცია ესაა, ვინ უნდა გადაწყვიტოს და არა ჟურნალისტებმა და არა გვარამიამ. რა უნდა გვარამიას?! ის მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც „იმედის“ ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ „რუსთავი 2“- იცავს. რეალურად ვინც მეპატრონეებად არიან გაფორმებულები, ყარამანიშვილები, ვერც ბედავენ გამოსვლას, ერთხელ გამოვიდნენ. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს,“- ამბობს ივანიშვილი.

ამბობს, რომ იცის, არჩევნებამდე დარჩენილ 3-4 თვეში ოპოზიციის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილება სასურველი არ არის და ამას ევროპასა და აშშ-ში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს და ამიტომაც, მისი სურვილია არჩევნებამდე ტელევიზიაში მენეჯმენტი არ შეიცვალოს.

ექსპრემიერმა ივანიშვილმა სამშაბათს 7 ივნისს 10 ტელევიზიის ჟურნალისტთან შეხვედრა გამართა, მას შემდეგ, რაც 2 ივნისს პირველი არხთან, გადაცემა „ინტერვიუში“, მისივე თქმით, საკუთარ წერილზე საუბრის საშუალება არ მიეცა, რომელიც ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა და სადაც გასულ 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე საუბრობდა.