bidzina_ivanishvili„არც ნარმანია არაა უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შეეშალა, მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს“, – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობა დადებითად შეაფასა, მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული უწოდა, „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ მოიხსენია. 

„ნარმანია არის ძალიან მეთოდური, განათლებული კარგი მენეჯერი, შეადარეთ წინანდელი და დღევანდელი თბილისი. მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა და ახერხებენ, რა გვარია ის ქალი – ფერაძე, ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. აი, ეს ხალხი უკეთებს ოპოზიციას ნარმანიას და კარვებს უდგამენ. თბილისი არის რთული სამართავი და ძალიან გაიზარდა ნარმანიას დროს. არც ნარმანია არაა უნაკლო, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შეეშალა. მაგრამ ზოგადად ნარმანია სტანდარტებს იცავს. არასდროს ყოფილა ნარმანიასთან დაკავშირებით კორუფციაზე მინიშნება, გარდა ფერაძისა და ასეთი უარგუმენტო და უპასუხისმგებლო ხალხის გამონათქვამებისა,“- განაცხადა ივანიშვილმა  ხუთშაბათს, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.