DSC_0314

Zurab Gurielidze with Rhino Manuela (DFWatch)

თბილისის ზოოპარკი 100-ზე მეტი ცხოველის, მათ შორის ისეთების მოლოდინშია, რომლებიც აქამდე არ ჰყოლია, აცხადებს მისი დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, რომელსაც DFWatch ძველი ზოოპარკის მდგომარეობასა და ახლის მშენებლობაზე ესაუბრა.

გურიელიძე ამბობს, რომ სტიქიის შემდეგ  ყველაფერი, რისი  აღდგენაც შესაძლებელი იყო და აზრი ჰქონდა, აღდგენილია. გარდა ამისა, დაწყებულია  ახალი ვოლიერების მშენებლობაც.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 21 მარტს, სტიქიის შემდეგ თბილისის ზოოპარკმა ლატვიის დედაქალაქ რიგის ზოოპარკისგან დაპირებული და საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველი ნაკადი (თუთიყუშები, ალპაკები,  აქლემი და  აზავერი) მიიღო, მაის-ივნისში დიდი ბრიტანეთის, გერმანის, ჰოლანდის, საფრანგეთის, თურქეთის, ბელგიის, ისრაელის, ლატვიის ზოოპარკებისგან ცხოველების უკვე მეორე ნაკადს ელის.

„საკმაოდ ბევრ, 100-ზე მეტ ცხოველზეა საუბარი. ესენია : სარტყლიანი მანგუსტები, კოატი, კენგურუები, დეგუ, ხალებიანი ირმები, მაიმუნები და ა.შ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ჩვენს ზოოპარკში აქამდე არ გვყოლია, მაგალითად, კენგურუ. აღსანიშნავია, რომ ეს არის  ევროპის  ზოოპარკების დახმარება სტიქიის შემდეგ. მათ არა მარტო ცხოველები გადმოგვცეს უფასოდ, არამედ ტრანსპორტირებაც დააფინანსეს, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა, 100-ზე მეტი ცხოველის თბილისამდე ჩამოყვანა, დაახლოებით, 95 ათასი ევრო ღირს,“-აღნიშნა გურიელიძემ.

DSC_0315მისივე თქმით,  ვეფხვები, რომლებიც 13 ივნისის სტიქიის დროს სულ დაიხოცნენ, თბილისის ზოოპარკს სავარაუდოდ, შემოდგომიდან ისევ ეყოლება. სწორედ ამ პერიოდში ელის გურიელიძე რიგის ზოოპარკისგან ვეფხვებს. ხოლო სხვა მტაცებლებს რაც შეეხება, მისი თქმით, უახლოეს მომავალში არცერთი მტაცებლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან მათთვის ზოოპარკის ტერიტორიაზე ადგილი არ არის.

ხოლო იმას, თუ როდის დასრულდება საბოლოოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა, გურიელიძე ვერ აკონკრეტებს.

მისი თქმით, ახალ ზოოპარკში ამ ეტაპზე  დათვებისა და მგლებისთვის ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ 1 აგვისტოსთვის დასრულდება და ეს ცხოველები, რომლებიც  ძველ ვოლიერებში არიან, აგვისტოდან უკვე ახალ ზოოპარკში, ახალ ვოლიერებში გადავლენ.

მისივე თქმით, ახალ ზოოპარკში ინფრასტრუქტურა თავიდან ადგილობრივი, კავკასიაში არსებული  ბინადრებისთვის იქნება შესაფერისი, ამიტომ იქ მხოლოდ დათვები, მგლები, ასევე  რამდენიმე ჩლიქოსანი ცხოველი (ირმები, ნიამორები) განთავსდება.

DSC_0318შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.  რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაციაც გახდა საჭირო. მანამდე კი ვეფხვმა გმირთა მოედანზე, ყოფილ საფეიქრო ფაბრიკაში განთავსებულ საწყობებში მუშა დაგლიჯა.

საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ზოოპარკის 1000-ზე მეტი ბინადარიდან  უმრავლესობა გადარჩა, თუმცა დაიღუპა თითქმის ყველა კატისებრი და სხვა მტაცებლები, მათ შორის ლომები და ვეფხვები, რადგან მათი ვოლიერები უფრო დაბლა, ვერეს ხეობის გასწვრივ იყო განლაგებული.

მაშინ ზოოპარკის აღდგენასა და ხელახლა გახსნას 3 თვე დასჭირდა.

DSC_0325რაც შეეხება ზარალს, გურიელიძე DFWatch-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დაღუპული თუ დახოცილი ცხოველების გამოკლებით, ზოოპარკის მაშინდელმა ზარალმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცხოველების საფასურზე საუბრისას კი აღნიშნავს,  რომ ამ მხრივ ზარალის დათვლა ძალიან რთულია, რადგან  სტიქიის დროს  ბევრი ისეთი ცხოველი დაიღუპა, რომელიც დიდი ალბათობით თბილისის ზოოპარკს აღარასოდეს ეყოლება. ასეთები იყო: თეთრი ვეფხვები, შავი იაგუარები, აფთრისებული ძაღლები, რომლებიც გადაშენების პირასაა, ზოლებიანი აფთარი, ასევე ქოჩრიანი გიბონი, რომელიც  გურიელიძის თქმით, მომავალში თბილისში ნამდვილად აღარ იქნება, იმ უბრალო მიზეზით, რომ  დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში მისი მოძებნა ფაქტობრივად ვერ მოხერხდა.

სწორედ 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომ ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადავიდოდა. ახალი ზოოპარკის მაკეტის ნახვა მერიის ფეისბუქ გვერდზე არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიასთან შედარებით, რომელიც სტიქიამდე 9 ჰექტარი იყო, შემდეგ კი გამომდინარე იქიდან რომ ზოოპარკის ქვედა ნაწილი გამოუსადეგარი გახდა,  დაახლოებით,  5-6 ჰექტარი დარჩა, ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი გამოიყო.

DSC_0341 DSC_0350 DSC_0352 DSC_0358 DSC_0364 DSC_0366 DSC_0371 DSC_0381 DSC_0382 DSC_0391 DSC_0402 DSC_0403 DSC_0404 DSC_0415 DSC_0426 DSC_0435 DSC_0453 DSC_0455 DSC_0462 DSC_0483