dimitry_kumsishviliევროკავშირის ბაზარზე გასვლის მიზნით, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების გადმოტანა ხდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე- პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგან იღებს და აღნიშნა, რომ ორშაბათს 21 მარტს, DCFTA-ის მიმდინარეობა ევროკომისართან შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემას წარმოადგენდა.

ქუმსიშვილი კონკრეტულად არ ასახელებს არც ქვეყნებს, საიდანაც ხდება ქარხნების გადმოტანა საქართველოში და არც ასეთი ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობას.

აცხადებს, რომ ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აზიიდან მოხდა ქარხნის გადმოტანა.

„გვაქვს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნებიდან მოხდა ფაბრიკების და ქარხნების გადმოტანა იმისთვის, რომ ევროკავშირში კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შესულიყო. ერთ-ერთი მაგალითი, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, არის აზიიდან გადმოტანილი. ქვეყანას არ დავასახელებ. ეს არის სპეციფიკური ავეჯის წარმოება, რომელმაც 220 ადამიანი დაასაქმა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ არაერთი შემთხვევა გვექნება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ევროკავშირთნ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს იმას, რომ  ქართული პროდუქცია, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ბევრად უფრო ადვილად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე აზიის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აღნიშნული ხელშეკრულება არ აქვთ.

„სტატისტიკური ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, სხვა ქვეყნებიდან რამდენად გადმოაქვთ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები, მაგრამ ამის დიდი პოტენციალია, რადგან იმ ქვეყნების პროდუქცია, რომელთანაც ევროკავშირს (თავისუფალი ვაჭრობის) ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ბევრად უფრო ადვილად აღწევს ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე სხვა ქვეყნების. ეს ხელშეკრულება კი ბევრ ქვეყანას არ აქვს გაფორმებული,“- აცხადებს ჩხიკვაძე. მისი თქმით,  საქართველოსთვის ევროკავშირს მოხსნილი აქვს სატარიფო ბარიერები და არ არსებობს კვოტირება.

„ვისაც ეს ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, პროდუქცის გატანაზე კვოტები აქვთ დაწესებული, საქართველოს თითქმის ყველა პროდუქციაზე აქვს კვოტები მოხსნილი, ერთადერთი, რაც კვოტირებულია და მახსენდება, ეს არის ნიორის ექსპორტი. ამიტომაც, ამ  შემთხვევაში ინტერესი ძირითადად ექნებათ აზიის ქვეყნებს, ევროპის ქვეყნებს – ნაკლებად. ევროპის ინტერესი შეიძლება იყოს ის, რომ აქ მუშახელი უფრო იაფია,“- დასძენს ჩხიკვაძე.

2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც  როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებს მოიცავს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 1 სექტემბრიდან,  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედება დაიწყო. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.